+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

კარტოფილის სპირტის წარმოება


კარტოფილის სპირტის წარმოება


არაყი არის ეთილის რექტიფიცირებული სპირტისა და დარბილებული წყლის შერევით მიღებული ნაზავი, რომელიც  დამუშავებულია გააქტიურებული ნახშირით და გავლილი აქვს ტექნოლოგიური ინსტრუქციით გათვალისწინებული  პროცესები.

არყის ერთ-ერთ ძირითად მაჩვენებელს, რომელიც გვიჩვენებს უწყლო სპირტის მოცულობის შემცველობას 100მლ მოცულობა არაყში +20˚C ტემპერატურაზე და გამოიხატება პროცენტებში, არყის სიმაგრე ეწოდება.

არყის სიმაგრე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დადგენილი ტექნოლოგიური ინსტრუქციების თანახმად, მერყეობს 40-დან 56 მოც. %-მდე.

არყის ხარისხი განისაზღვრება ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით.  არყის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: იყოს უფერო, კრისტალურად გამჭვირვალე, სიმღვრივისა და უცხო მინარევების გარეშე, დამახასიათებელი გემოვნური თვისებებით. სწორედ ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები ახასიათებს არყის გამჭვირვალობას, არომატსა და გემოს.

   საქართველოში ,,მაგარი სასმელების” წარმოებას  საფუძველი გიორგი ქაიხოსროს ძე ბოლქვაძემ ჩაუყარა. პირველად მან შეიმუშავა მაგარი სასმელების რეცეპტურები, რომლებიც იწარმოებოდა და იყიდებოდა.

1865-1900 წლებში მან დაამზადა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სხვადასხვაგვარი სპირტები, ნაყენები და სასმელები (ბრენდი, არაყი, ლიქიორი, რომი), რომელთაც  საერთაშორისო და სამრეწველო გამოფენების 100-ზე მეტი მედალი და ჯილდო მიიღეს.

საქართველოში სპირტისა და არყის წარმოების კიდევ ერთ ფუძემდებლად დამსახურებულად ითვლება დავით სარაჯიშვილი. მან 1885 წელს თბილისში შექმნა კონიაკის ცენტრალური საწყობი, რომლის ბაზაზეც 1886 წელს ჩამოყალიბდა ლიქიორ-არყის პირველი ქარხანა. დავით სარაჯიშვილის მიერ შექმნილ კომერციულ სტრუქტურას ეკუთვნოდა ვლადიკავკაზისა და ერევნის სპირტის ქარხნები.

1887 წელს მან საფრანგეთიდან მოიწვია სპეციალისტები, რომელთა დახმარებით საწარმოო პროცესი მთლიანად გადაიყვანა ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე.

ლიქიორ-არყისა და კონიაკის ფრანგულ-ქართული ქარხანა 1952 წლამდე არსებობდა. ამ დროისათვის, საქართველოში არყის წარმოება მაგარი სასმელების საერთო რაოდენობის ორ მესამედს შეადგენდა.

1950-იან წლებში მაშინდელ ბაზარზე საკმაოდ პოპულარული სასმელი იყო „სამტრესტის“ საწარმოო კომბინატის მიერ დამზადებული ქართული არაყი ,,ჭაჭა”. იგი მიღებული იყო ყურძნის ჭაჭის დისტილაციით, 50-52 % სიმაგრის არაყი სამი წლის განმავლობაში მუხის კასრებში ძველდებოდა.

1950-1955 წლებში გამოიხადა 222 ათასი დეკლიტრი უწყლო სპირტი.