განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ), რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №89/ნ ბრძანების საფუძველზე, 2010 წლის 14 სექტემბერს სსიპ -აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა.
ჩვენი საქმიანობის შესახებ
ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულებების გარე ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ასევე მონიტორინგს უწევს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებას. იგი მუშაობს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის როგორც გარე, ასევე შიდა მექანიზმების განვითარებაზე, დანერგვასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე. ცენტრი ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განვითარებას. ასევე ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების და შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, იგი მუშაობს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დახვეწაზე; აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს და ახორციელებს სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას. საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობისა და მიღებული განათლების სწავლის შედეგების სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარებას, ნამდვილობის დადასტურებას; საგანმანათლებლო დოკუმენტების ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმების მიზნით აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ასევე ამოწმებს განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის-დიპლომის ენობრივ სისწორეს. ცენტრი თანამშრომლობს საერთაშორისო და უცხო ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებთან და ჩართულია საერთაშორისო პროექტებში.