კანონმდებლობა
ტექნიკური რეგლამენტი - ყველა ტიპის სასაკლაო
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მე-5 ნაწილების, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - „ცხოველთა სასაკლაოების ტიპობრივი წესი“.
|
მუხლი 2 |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცხოველთა სასაკლაოების ტიპობრივი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-218 ბრძანება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ტექნიკური რეგლამენტი - ცხოველთა სასაკლაოს ტიპობრივი წესი
|
მუხლი 1. ზოგადი წესები
ცხოველების სახორცედ დაკვლა მათი რეალიზაციის მიზნით დაიშვება მხოლოდ სასაკლაოებზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის ქვეშ. ქვეყნის თითოეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში აუცილებელია არანაკლებ ერთი სასაკლაოს არსებობა. მუხლი 2. მოთხოვნები სასაკლაოს ტერიტორიისადმი 1. ცხოველთა სასაკლაო ეწყობა ქალაქებთან, დასახლებულ პუნქტებთან და განვითარებული მეცხოველეობის რაიონებში. საცხოვრებელი სახლებიდან, კომუნალური და სამრეწველო ნაგებობებიდან იგი გამოყოფილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანიტარიულ-დამცავი ზონით. 2. სასაკლაოს მშენებლობისათვის უნდა შეირჩეს მშრალი, ოდნავ დაქანებული ადგილი წვიმის წყლის გადინებისათვის. გრუნტის წყლები უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრით ქვემოთ საწარმოს ყველაზე დაბალი ადგილიდან. 3. საწარმოს ტერიტორია შემოღობილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრის სიმაღლის მასიური ღობით (ქვითკირის, ბეტონის). მას უნდა ჰქონდეს ორი შესავლელი – ერთი ცხოველის შესაყვანად, ხოლო მეორე – მზა პროდუქციის გასატანად. სასაკლაოს ტერიოტორიაზე მაწანწალა ცხოველების ყოფნა დაუშვებელია. 4. საწარმოს შესასვლელ და გამოსასვლელ კარებთან ეწყობა სპეციალური სადეზინფექციო ბარიერები, რომლებიც მუდმივად სავსეა სადეზინფექციო ხსნარებით ტრანსპორტის ბორბლების დეზინფექციის ჩასატარებლად. ავტომანქანებიდან ცოცხალი პირუტყვის (ფრინველის) ჩამოცლის შემდეგ ძარა უნდა დასუფთავდეს, გაირეცხოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია, რისთვისაც საწარმოს ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს სპეციალური მოედანი. 5. ცხოველების გასაჩერებელი ღია და დახურული შესარეკი ბაკები ყოველდღიურად უნდა გასუფთავდეს ნაკელისა და წუნწუხისაგან, რომლებიც გააქვთ სპეციალურად მოწყობილ ნაკელსაცავში. მუხლი 3. სასაკლაოს სტრუქტურა 1. სასაკალოს ტერიტორიაზე ერთმანეთისაგან იზოლირებულად უნდა იყოს: ცხოველთა (ფრინველის) მისაღები ბაზა, საწარმოო კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა. 2. ცხოველთა მისაღებ ბაზაში (ეზოში) ეწყობა ღია და დახურული შესარეკი ბაკები, სადაც წარმოებს ცხოველების დაკვლისწინა ვეტერინარული შემოწმება და თერმომეტრია. აქვე ეწყობა საკარანტინო განყოფილება (საეჭვო ცხოველებისათვის) და იზოლატორი (ავადმყოფი ცხოველებისათვის). 3. საწარმოო კორპუსში განლაგებული უნდა იყოს დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზი დამხმარე განყოფილებებით (ტყავის დასამარილებელი, ნაწლავების, სუბპროდუქტების, ცხიმის პირველადი გადამუშავების საამქროები, მაცივარი და ა.შ.). საწარმოო კორპუსში გამოიყოფა ოთახი ვეტერინარი სპეციალისტისათვის ტრიქინელოსკოპიის ჩასატარებლად. 4. დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზის ირგვლივ დამხმარე განყოფილებები განლაგებულია თანმიმდევრულად ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობის შესაბამისად ისე, რომ გამოირიცხოს შემხვედრი ნაკადები და მზა პროდუქციის კონტაქტი ნედლეულთან და ტექნიკურ ანარჩენებთან. 5. ადმინისტრაციულ შენობაში განლაგებულია საწარმოს ადმინისტრაცია. ამავე შენობაში ეწყობა სასაკლაოს ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ლაბორატორია. 6. საწარმოს ტერიტორიაზე შეიძლება განლაგდეს აგრეთვე დამხმარე ნაგებობებიც (საქვაბე, ელექტროსადგური, საწყობები და სხვა). 7. სასაკლაოს პროექტირება და მშენებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეთანხმდეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურთან. მუხლი 4. ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნები სასაკლაოებისადმი 1. ცხოველების დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3,5 მ. ცხოველების დაკვლა უნდა წარმოებდეს ვერტიკალური მეთოდით; დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზისა და დამხმარე განყოფილებების იატაკი უნდა იყოს წყლგაუმტარი მასალისაგან – ბეტონის ან მოპირკეთებული მეთლახის ფილებით, დახრილი (1,50-ით) წყლის შემკრები ტრაპებისაკენ. დარბაზის კედელი 1,8 მეტრის სიმაღლეზე მოპირკეთებული უნდა იყოს კაფელით ან შეღებილი ზეთიანი საღებავით, ხოლო მის ზევით შეთეთრებული. 2. სამაცივრე განყოფილებაში ცალკე უნდა მოეწყოს კამერა-იზოლატორი პირობით ვარგისი ხორცის შესანახად და სტერილიზატორი – ასეთი ხორცის გასაუვნებლად. 3. საწარმო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცივი და ცხელი წყლით, განსაკუთრებით დასაკლავ-დასამუშავებელი და ცხიმის გადამამუშავებელი საამქროები. ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში გამოყენებული წყალი უნდა პასუხობდეს სასმელი წყლისადმი წაყენებულ სანიტარიულ მოთხოვნებს. ასევე სანიტარიული ნორმის ფარგლებში უნდა იყოს განათება და ვენტილაცია. 4. საწარმოს ტერიტორიაზე აუცილებელია მოეწყოს ნაგებობა ჩამდინარე წყლების გასაუვნებლად. გასაუვნებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ბიოლოგიური მეთოდი, ასევე სადეზინფექციო საშუალებები. 5. ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და ინვენტარის დამზადება დასაშვებია ისეთი მასალისაგან, რომელიც პროდუქტებზე არ ახდენს მავნე ზემოქმედებას, ადვილად სუფთავდება, ირეცხება და ექვემდებარება დეზინფექციას. საწარმოო მაგიდები, ურიკები უნდა იყოს გლუვზედაპირიანი, დაფარული უჟანგავი ფოლადით, კაფელით ან სინთეტიკური მასალით. 6. ყოველი სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ სათავსებს, მოწყობილობასა და ინვენტარს გულდასმით ასუფთავებენ, რეცხავენ კალცინირებული (0,5-2,0%) ან კაუსტიკური (0,1-0,2%) სოდის ცხელი ხსნარებით. დეზინფექცია ტარდება არანაკლებ კვირაში ერთხელ ან ვეტერინარი ექიმის მითითებით. 7. კონფისკატები საწარმოდან იგზავნება ვეტერინარულ-სანიტარიულ ქარხნებში, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – ასხამენ მძაფრი სუნის მქონე ნივთიერებებს და სპობენ მიწაში დამარხვით სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. 8. სასაკლაოზე დასაკლავად დაიშვება მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველი. ავადმყოფი ცხოველების დასაკლავად (რომელთა დაკვლაც ვეტერინარული წესებით დასაშვებია) სასაკლაოში უნდა გამოიყოს ცალკე დღე, ან მათი დაკვლა უნდა მოხდეს სამუშაო დღის ბოლოს. ავადმყოფი ცხოველების დაკვლის შემდეგ სასაკლაოში ტარდება სავალდებულო (იძულებითი) დეზინფექცია მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად. 9. სასაკლაოზე ცხოველების ისეთი მწვავე ინფექციური დაავადებების აღმოჩენისას, რომელთა დროსაც მათი სახორცედ დაკვლა აკრძალულია (ჯილეხი, ემფიზემური კარბუნკული, ავთვისებიანი შეშუპება, ცოფი, ქოთაო, მსხვილფეხა პირუტყვის ჭირი, ტეტანუსი, ბოტულიზმი, ბრადზოტი და ა.შ.), დაკვლის პროცესს აჩერებენ და ასეთი ცხოველების ტანხორცს, შინაგან ორგანოებსა და ტყავს ვეტერინარი სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ სპობენ დაწვით. საწარმოო კორპუსსა და სასაკლაოს ტერიტორიაზე ატარებენ დეზინფექციას. 10. სასაკლაოზე დასაქმებულმა პირებმა წინასწარი და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. 11. საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს სასაკლაოს ყველა მუშაკი სპეცტანსაცმლით. ასეთი ტანსაცმლის გარეშე მუშაობა აკრძალულია. 12. ზედამხედველობას საწარმოს მიერ ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვაზე ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი. |