+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

კანონმდებლობა


კანონმდებლობა


 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №63

2014 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს თანდართული სურსათის ფორტიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სურსათის ფორტიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის  19 ოქტომბრის №300/ნ ბრძანება.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრი   ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

ტექნიკური რეგლამენტი - პურ-ფუნთუშეულის წარმოება

 
 
მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე რეგლამენტი შემუშავებულია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე და ადგენს ჰიგიენურ მოთხოვნებს სურსათის ფორტიფიცირებისადმი.

2. სურსათის ფორტიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტი განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია კვების პროდუქტების წარმოებასთან, რეალიზაციასა და/ან იმპორტირებასთან, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

3. ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ ფორტიფიცირებული სასურსათო პროდუქტების წარმოებას, რეალიზაციასა და/ან იმპორტირებას, ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები და მომხმარებელს მიაწოდონ ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პროდუქცია.

4. წინამდებარე რეგლამენტის მოთხოვნები არ ეხება საკვებ პროდუქტებს, რომლებიც მიღებულია ოჯახური წარმოების პროცესში და განკუთვნილია ინდივიდუალური და/ან ოჯახური სარგებლობისათვის.

 

 ჰიგიენური მოთხოვნები ფქვილისა და პურ-ფუნთუშეული ნაწარმის ფორტიფიკაციისადმი

 

1. ფქვილის წარმოების პროცესში რკინის შემცველობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო (ხორბლის მარცვალში რკინის შემცველობა შეადგენს 5,3 – 5,4 მგ/100გ -ს, I ხარისხის ხორბლის ფქვილში კი – 2,1 მგ/100გ, ხოლო უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილში კი – 1,2 მგ/100გ-ს), საქართველოს მოსახლეობის ალიმენტური რკინით უზრუნველყოფისათვის მიზანშეწონილია უმაღლესი და I ხარისხის ფქვილისა და პურფუნთუშეული ნაწარმის ფორტიფიკაცია.

2. ხორბლის გადამამუშავებელმა და პურფუნთუშეულის მწარმოებელმა საწარმოებმა, რომლებიც განახორციელებენ I და უმაღლესი ხარისხის ფქვილისა და პურ-ფუნთუშეულის ნაწარმის ფორტიფიკაციას მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით, უნდა იხელმძღვანელონ წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნებითა და ნორმებით, დანართი №2 და №3-ის შესაბამისად.

3. ფორტიფიცირებული ფქვილის, პურისა და პურფუნთუშეულის მარკირებისას სავალდებულოა დატანილ იქნეს ინფორმაცია ფორტიფიცირებისა და ფორტიფიკანტების შემცველობის შესახებ (მგ/100გ).

4. საგანმანათლებლო და გამაჯანსაღებელი, ჯანმრთელობის დაცვისა და სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვთა და მოზრდილთა კონტინგენტის ორგანიზებული კვებისათვის განკუთვნილ რაციონში რეკომენდებულია წინამდებარე რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ფორტიფიცირებული პურ-ფუნთუშეული ნაწარმის გამოყენება