რძის გადამუშავება და წარმოება
შპს "ინოსისტემსი" გთავაზობთ რძის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტირებას HACCP-ის ISO-ს და Global GAP-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
იდეიდან მოქმედ საწარმომდე!
რძე — საკვები პროდუქტი, რომელიც მიიღება მდედრი ცხოველისაგან. თეთრი სისხლი, სიცოცხლის ელექსირი, ჯანმრთელობის წყარო, სიცოცხლის წვენი - რა სახელით აღარ შეამკეს ძველმა ფილოსოფოსებმა რძე მისი ჭეშმარიტად ჯადოსნური თვისებების გამო.რძე ორასამდე სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებსა და ჰორმონებს. ცილა რძის ყველაზე ღირებული კომპონენტია. მისი ოდენობა დაახლოებით 3,2%-ს უტოლდება. რძეში აღმოჩენილია რამდენიმე სახის ცილა: კაზეინი, ლაქტალბუმინი, ლაქტოგლობულინი და სხვა. რძის ცილებს ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე იმათ, რომლებიც სხვა ცხოველურ პროდუქტებში მოიპოვება. მცენარეულ საკვებთან კომბინაციისას ეს ცილები ორგანიზმისთვის მეტად საჭირო ნივთიერებებს წარმოქმნის.
რძის გამოყენების ისტორიას ღრმა ფესვები აქვს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი საუკუნით ადრე ეგვიპტელები, რომაელები და ბერძნები მას არა მარტო საკვებად, არამედ სამკურნალოდაც იყენებდნენ, განსაკუთრებით - ჭლექის, პოდაგრისა და სისხლნაკლებობისას. სახელგანთქმული ავიცენა მიიჩნევდა, რომ რძის ნაწარმი ხანში შესულთათვის საუკეთესო საკვები იყო. უფრო მეტიც, ის ამტკიცებდა,
ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა იმიტომაც შემცირდა, რომ ცოტა რძეს ვსვამთო. რძე ადამიანს უძილობისგან კურნავს, ამშვიდებს და ადუნებსო, - ვკითხულობთ ძველინდურ ტრაქტატ „აიურვედაში“.
საზოგადოდ, რძეს აღმოსავლურ მედიცინაში ფრიად საპატიო ადგილი ეკავა. მას ნერვული და ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო შესანიშნავ საშუალებად მიიჩნევდნენ.
რძე და მისი პროდუქტები არანაკლებ უყვარდათ კავკასიაშიც. მრავალი მეცნიერი კავკასიელ მთიელთა დღეგრძელობას მათ მენიუში რძის პროდუქტთა სიუხვეს უკავშირებდა - რძემჟავა ბაქტერიებს უნარი შესწევთ, წინ აღუდგნენ მავნე მიკროორგანიზმთა მოქმედებას, რითაც ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებენო. მეტად საინტერესო წარმომავლობა აქვს იოგურტს, რომელსაც აზიაში - კატიკს, ტაჯიკეთში - ჩურგოტს, ბულგარეთში - იუგურტს, სომხეთში - მაცუნს, ხოლო ჩვენში მაწონს ეძახიან. ეს რძემჟავა პროდუქტი მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პირველად რუსმა მეცნიერმა ილია მეჩნიკოვმა შეისწავლა. ის ბულგარულ იუგურტს იკვლევდა, ამიტომ მისგან გამოყოფილ რძემჟავა ჩხირს ბულგარული რძემჟავა ჩხირი დაარქვა. ბულგარელების გავლენით ევროპელებმა პროდუქტი იოგურტად მონათლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბულგარული იუგურტისა და ჩვენებური მაწვნის რძემჟავა ჩხირები თვისებებით ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავდება. შესაბამისად, განსხვავებულია ამ ორი პროდუქტის გემო და სხვა მახასიათებლებიც. მაწონი წმინდა წყლის ქართული პროდუქტია, რომელსაც ანალოგი მთელ მსოფლიოში არ მოეპოვება.