+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

მემცენარეობა


მემცენარეობა


მემცენარეობა, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი, რომლის მიზანია უმთავრესად კულტურული მცენარეების მოყვანა მცენარეული პროდუქციის წარმოების მიზნით. მემცენარეობა იძლევა სასურსათო პროდუქტებს, პირუტყვისათვის — საკვებს, კვების, საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობისათვის — მცენარეულ ნედლეულს. მემცენარეობა მოიცავს მებოსტნეობას, მეხილეობას, მევენახეობას, მემდელოეობას, მეტყევევეობას, მეყვავილეობას. მემცენარეობა მჭიდროს არის დაკავშირებული მეცხოველეობასთან.

მემცენარეობა სწავლობს მცენარეთა ზრდა-განვითარების კანონზომიერებას, გარემო პირობებსა და აგროტექნიკაზე დამოკიდებულებით ცალკეული კულტურების მოსავლის გადიდების საშუალებებსა და სისტემებს: თესვა-მოყვანისა და მოსავლის აღების ტექნოლოგიას — ჯიშის შერჩევას, ნიადაგის დამუშავებას, განოყიერებას, თესვას, ნათესის მოვლის ღონისძიებებს, თესლბრუნვაში კულტურების გაადგილებას და სხვა. მემცენარეობა კვლევისას იყენებს მინდვრის სავეგეტაციო და ლაბორატორიულ მეთოდებს.

მემცენარეობა საქართველოში სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია, საქართველო და საერთოდ ამიერკავკასია ითვლება მსოფლიოში კულტურული მცენარეთა წარმოქმნის ერთ-ერთ ცენტრად. მინდვრის კულტურების შესწავლის მნიშვნელოვან წყაროდ უნდა მივიჩნიოთ ივანე ჯავახიშვილის შრომები „საქართველოს ეკონომიკური ისტორიის შესახებ“ , — აგრეთვე სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“ და ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსი“, სადაც განხილულია საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო დარგები და კულტურები, განმარტებულია მრავალი სამიწათმოქმედო ტერმინი.