+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

კაკლის გადამუშავება და შენახვა


კაკლის გადამუშავება და შენახვა


დამკვეთი: გიორგი რურუა

პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის 1აგვისტოს.

პროექტი დამთავრდა 2018 წლის სექტემბერს.

დაკვეთის საგანს წარმოადგენს საქართველოში კაკლის ბაღების გაშენება, კაკლის გადამუშავება და შენახვის ტექნოლოგიები.

კაკალი კავკასიაში უძველეს კულტურად მიიჩნევა. საქართველოში მისი გავრცელების შესახებ პირველი ცნობა ბერძნულ წყაროებში გვხვდება და ძვ. წელთაღ- რიცხვის VI-IV საუკუნეებს მიეკუთვნება. მას დიდ ყურადღებას უთმობდნენ და ბზასა და ზეთისხილთან ერთად კაკალს ეკლესია-მონასტრების, სამლოცველოების ირგვლივ აშენებდნენ.

კომპანია „ინოსისტემსმა“ კაკლის პროექტის ტექნოლოგიურ ნაწილში განახორციელა შესაბამისი მასალების მოძიება, დამუშავება და შესთავაზა დამკვეთს:

კაკალი ერთლებნიანი სქესგაყოფილი ჯვარედინდამტვერვადი მცენარეა. ზრდასრულ ასაკში მცენარე 20-30 მ სიმაღლეს აღწევს. პროდუქტიულობას ინარჩუნებს ასზე მეტი წლის განმავლობაში.

კაკალი სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა. ძნელად იტანს ყინვას, ტენიან ნიადაგში მინუს 20-22 გრადუსს უძლებს, მშრალში - მინუს 30 გრადუსამდე. ტენის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნა არ გააჩნია, საკმარისად გვალვაგამძლეა.

საქართველოში კაკალი გავრცელებულია ყველა რეგიონში, ზღვის დონიდან 1300 მ-ის სიმაღლემდე. სამრეწველო მნიშვნელობით რეკომენდებულია ზღვის დონიდან 500-1000 მ. სიმაღლეზე მდებარე მიწის ნაკვეთები. ეს ჯიშებია ჩენდლერი, ფერნორი, ფრანქეტა. ჩენდლერი საქართველოსთვის ინოვაციური ჯიშია. ხე სუსტად მოზარდია, სრულ მსხმოიარობაში შესული ნერგის სიმაღლე 5-6 მეტრია, ხოლო საშუალო მოსავლიანობა 1 ხეზე - 25 კგ. ჩენდლერის ჯიშის კაკალი ვეგეტაციას, ჩვეულებრივ, ჩვენთან გავრცელებულ კაკლის ჯიშებთან შედარებით, ორი სამი კვირით გვიან იწყებს. ნაყოფი კი მწიფდება სექტემბრის ბოლოს. კაკლის სამრეწველო ბაღისთვის ნიადაგი მზადდება ზაფხულის ბოლოს ან ადრე შემოდგომიდან. ნიადაგის დამუშავება წარმოებს რელიეფის მიხედვით, სადაც ჩამორეცხვის საშიშროება არ არსებობს. მცენარეთა ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია საკვები ელემენტების მიწოდება. მცენარის ფესვის სიძლიერისა და განვითარებისთვის აუცილებელია ფოსფორი.

კაკლის მცენარე, თავისი ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, მდგრადია მავნე ორგანიზმების ზემოქმედების მიმართ. თუმცა, ზოგიერთ წელიწადს აღინიშნება შემთხვევები, როცა მცენარეზე შეიძლება გავრცელდეს მავნებლები, სოკოები და მღრნელები, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი დამცავი საშუალებების გამოყენება. კომპანია „ინოსისტემსი“ მზადაა ზემოაღნიშნული კონკრეტული პრობლემის აღმოსაფხვრელად გასცეს შესაბამისი სპეციალისტებისგან კომპეტენტური რეკომენდაციები.

სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ, შესაბამისი მოვლისა და აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, 1 ჰა-დან შეიძლება მიღებული იქნას 3-7 ტონა მოსავალი. კაკალი იკრიფება (იბერტყება) სრული სიმწიფის სტადიაში. მოსავლის დაგვიანებული კრეფა იწვევს: გულის გამოშრობას, ზომაში დაპატარავებას, მოსავლის კლებასა და შენახვის უნარიანობის დაქვეითებას.

მოსავლის აღება უნდა დაიწყოს მაშინ, როცა გარსი სკდება და ნაჭუჭს იოლად შორდება. მოსავლის აღების შემდეგ კაკალი მიეწოდება კაკლის გადამამუშავებელ თანამედროვე ტექნოლოგიურ ხაზს, სადაც მკაცრად იქნება დაცული ტექნოლოგიური პროცესის ყველა პარამეტრი. კაკალი გადის გადამუშავების შემდეგ ეტაპებს:

მიმღებ ბუნკერში მოთავსება და ტენიანობის განსაზღვრა;

გარეცხვა;

შრობა (სტანდარტულ ტენიანობამდე);

პირველადი გაწმენდა;

კაკლის გატეხვა;

მაგნიტოვიბრატორით ზედმეტი წვრილი ნარჩენებისგან გაწმენდა;

ვიბრაციული სელექტორით გულის და ნაჭუჭის განცალკევება;

ჰაერის კალიბრატორის დაკალიბრება და დახარისხება ორ ხარისხად;

ყველა ტიპის ნარჩენი, ნამტვრევები, კაკლის უღელი, კაკლის გულის კანი და ა.შ.

მზა ნედლეული, ყველა ხარისხის კაკლის გული;

კალიბრატორში დაკალიბრება ზომების მიხედვით;

შემდეგ პროცესი გრძელდება შესაფუთ დანადგარში.

გაუტეხავი კაკალი უნდა შევინახოთ ჯვალოს (ჯუთის) ტომრებში 25-50 კგ-იან მუყაოს ყუთებში ან დიდი ტევადობის (1-1,5 ტონა და მეტი) ტომრებში, ე.წ. „ბიგბეგებში“. კაკლის გულის შენახვა რეკომენდებულია ვაკუუმშეფუთვით და მუყაოს ყუთებით. ნედლეული უნდა დასაწყობდეს ტარაში.

შენახვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე და ტენიანობაზე.

კაკლის პროდუქტები:

კაკლის ნაყოფი

კაკლის ხის ძირითადი პროდუქტი ნაყოფია, რომელიც შეიცავს B1, B2, A, C ვიტამინებს. კაკალი გამოიყენება როგორც სადესერტო ხილი. ასევე, ფართოდ მოიხმარება საკონდიტრო წარმოებაში.

კაკლის ზეთი

კაკლის ზეთი შეიცავს სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის, ომეგა3-ს, ვიტამინებს B-1, B-2, B-3, ასევე ვიტამინ E-ს.

კაკლის წენგო

კაკლის მწვანე წენგო შეიცავს დიდი რაოდენობით ტანინს, ლიმონისა და ვაშლის მჟავასა და გამოიყენება აბრეშუმისა და შალის ქსოვილების საღებავის დასამზადებლად, აგრეთე საუკეთესო ხარისხის ლიქიორის მოსამზადებლად.

კაკლის მერქანი

კაკლის მერქანი უძვირფასესი პროდუქტია, რომელიც მოყავისფრო-მონაცრისფროა. გამოიყენება ავეჯის დასამზადებლად.

კაკლის ფოთლები

ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდ იუგლანდინს. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი გავრცელებული მცენარეული სამკურნალო საშუალებაა ანთებითი პროცესების დროს. ტანინისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობის გამო, დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებასა და სისხლის მიმოქცევაზე.

კაკლის ნაჭუჭი

კაკლის დაფქული ნაჭუჭი გამოიყენება პარფიუმერიაში.

კომპანია „ინოსისტემსის“ კომპეტენტური სპეციალისტები მზად არიან დამკვეთს ყოველგვარი საჭირო კონსულტაცია და მომსახურება გაუწიონ ნებისმიერ სფეროში შექმნილი პრობლემების მოგვარებაში.