+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

მეცხოველეობის ფერმა


მეცხოველეობის ფერმა


საქართველოში მეძროხეობის ინტენსიფიკაციის საერთო დონე ძალიან დაბალია. ყველაზე კარგი მაჩვენებლები აღრიცხული იყო 1988 წელს, როდესაც ძროხის რაოდენობა რესპუბლიკაში შეადგენდა 1548 ათას სულს, აქედან ფურები შეადგენდნენ 620 ათასს. სამწუხაროდ ოთხმოცდაათიან წლებში კრიზისი იმდენად გაღრმავდა, რომ მეძროხეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები ორჯერ და მეტად შემცირდა. მათი აღდგენა და შემდგომი სრულყოფა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შევძლებთ გამოვიყენოთ საქართველოს ბუნებრივი და ეკონომიკური პირობები და დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები (ხელოვნური განაყოფიერება, ბაგური კვება, საძოვრების რეაბილიტაცია და ა. შ.)

ძროხის ჯიშები

მსოფლიოში ცნობილია 1000–ზე მეტი ძროხის სხვადახვა ჯიში. საყოველთაოდ გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით მათ ყოფენ: სარძეო, სახორცე და კომბინირებული (სარძეო-სახორცე და სახორცე-სარძეო) მიმართულების ჯიშებად. საქართველოში სახორცე ჯიშები გავრცელებული არ არის, მაგრამ აქ გავრცელებულია სარძეო და კომბინირებული მიმართულების ჯიშები.

ძროხის შენახვა

ძროხის შენახვის სტაციონალური ტიპი იყოფა ბაგურ-საძოვრულ, ბაგურ-ბაკურ, საძოვრულ და ბაგურ სისტემებად. ბაგურ-საძოვრული სისტემების დროს პირუტყვს შენობებში ინახავენ და ბაგაზე კვებავენ, ზაფხულში კი - საძოვარზე გაჰყავთ, რაც საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ხშირად საძროხის ახლოს არ არის საძოვარი და იყენებენ ბაგურ-ბაკნურ სისტემას: მოშორებით იმავე მეურნეობის ტერიტორიაზე აწყობენ ბანაკს, სადაც პირუტყვი გადაჰყავთ, იქ აძოვებენ, დამატებით კვებავენ, წველიან და საზამთრო ბინებში მხოლოდ ბაგური კვების დასაწყისში აბრუნებენ. საძოვრული ტიპი გულისხმობს მთელ წელიწადს პირუტყვის საძოვარზე შენახვას, რაც შედარებით ნაკლებად გამოიყენება. ბაგური სისტემის დროს პირუტყვი მთელი წელიწადს შენობაში და სეირნობაზე ატარებს, საძოვრის გამოყენების გარეშე (შენახვის ეს ტიპი დამახასიათებლია ევროპისა და ამერიკის თანამედროვე მეცხოველეობის ფერმებისათვის).

რძის წარმოება

წველადობის პერიოდი (ანუ ლაქტაციის პერიოდი) ხბოს მოგებისასა იწყება და 305 დღეს გრძელდება, შემდეგ იწყება 60 დღიანი მშრალობის პერიოდი, რომლის დროს ფურის ორგანიზმი ახალი ხბოს მოგებისა და ლაქტაციისათვის ემზადება. ფურის წველადობაზე ჯიშობრივის გარდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოვლის პირობები. არასრულაფასოვანი კვება 2-3 ჯერ ამცირებს წველადობას. გარდა ამისა, საჭიროა საძროხეში ოპტიმალური მიკროკლიმატის დაცვა: ჰაერის ტემპერატურა 5-10 გრადუსი, შეფარდებითი ტენიანობა 75 %, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე ზამთარში 0,5 მ/წამში, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია არაუმეტეს 0,25 %-სა და სხვა. ამ ნორმატივების დარღვევა განსაკუთრებით მაღალპროდუქტიულ ცხოველებზე მოქმედებს.ზაფხულის პერიდში ფურის საკვებად უხვად გამოიყენება მწვანე ბალახი (საძოვრის სახით ან მოთიბული). ფურის მაღალი წველადობისას საზრდო ნივთიერებათა დანაკლისის შესავსებად ფურს ეძლევა კონცენტრატების სათანადო რაოდენობა, ხოლო იმ პერიოდში როდესაც მწვანე ბალახი შემცირებულია, დამატებით ეძლევა აგრეთვე სილოსი და სხვა წვნიანი საკვები. აუცილებელია საჭირო რაოდენობით მარილის მიცემა, 10 კგ-ზე მეტი წველადობისას სალოკი მარილის მიცემა არ კმარა, ფურს დამატებით უნდა მიეცეს კონცენტრატებში არეული მარილის ფხვნილი ყოველ დამატებით მოწველილ 5 კგ რძეზე 20 გ-ს რაოდენობით.

ფურის წველა

გამოიყენება წველის ორი ხერხი. ხელით და მანქანით. ხელით წველის უპირატესობა ცურისადმი ინდივიდუალური, სათუთ მიდგომა და რძის გაცემის უფრო მეტად სტიმულირებაა, ვიდრე მანქანით წველის დროს. მანქანით წველა ამჟამად საყოველთაად არის გავრცელებული, რადგან ხელით წველასთან შედარებით ის 3-5 ჯერ ადიდებს მწველავის შრომის ნაყოფიერებას. სამწუხაროდ ისეთი ფერმერული მეურნეობები, რომლებიც წარმოების ინტენსიურ ტექნოლოგიებს იყენებენ საქართველოში სულ რამდენიმეა.

რძის პირველადი გადამუშავება

ახლად მოწველილ რძეს გაფილტვრით ასუფთავებან, ამისათვის იყენებენ საწურს, რომელშიც ჩაფენილია რამოდენიმე შრედ დაკეცილი მარლა, ბამბა, ორმაგი ტილო, ან სხვა ქსოვილი. მექანიზირებულ ფერმებში იყენებენ სპეციალურ აპარატებს. ახლადმოწველილი რძე ბაქტერიოციდულია, ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ზღუდავენ მიკრობთა განვითარებას და ამცირებენ მათ რაოდენობას. ამ ნივთიერებათა აქტივობა ჩვეულებრივ ორ საათს გრძელდება, რის შემდეგაც მიკრობები სწრაფად მრავლდებიან და რძის ხარისხი უარესდება. ამიტომ მოწველის შემდეგ საჭიროა რძის სწრაფი გაციება +5 გარდუსამდე (ამიტომ რძე მოწველისთანავე სწრაფად უნდა გავაციოთ სპეციალურ მაცივარში, ყინულში ან ცივ წყაროს წყალში), ან მისი თერმული დამუშავება. რძის პასტერიზაცია ხდება მისი გაცხელებით 72-76 გრადუსამდე 15-30 წამის განმავლობაში.