პროცესებისა და საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვა
1. წარმოება და ძირითადი მატერიალური საშუალებები
- საწარმოს მდებარეობა
- საწარმოო პროცესის დეტალური აღწერა
- მანქანა დანადგარებისა და სხვა მატერიალური აქტივების დეტალური აღწერა
- შენობა ნაგებობების დეტალური აღწერა
2. ნედლეული
- საწარმოო პროცესში გამოყენებული ნედლეული და დამხმარე მასალები
- ნედლეულის მოწოდების წყაროები
- ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულის შედარებითი დახასიათება
- ნედლეულის ფასები და მისი დინამიკა
3. მარაგები
- მზა პროდუქციისა და ნედლეულის მარაგების მართვის სტრატეგია
- სასაწყობე მეურნეობის / ების მდებარეობა და აღწერა
ტექნოლოგიური პროექტი
პროექტირება რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ქმედების განხორციელებას მოიაზრებს, ესენია: პროცესის სტრატეგიის შემუშავება, სიმძლავრის დაგეგმვა და ტექნოლოგიის შერჩევა.
პროცესის სტრატეგიული შერჩევა
- პროდუქციის წარმოების და მომსახურების ფორმას განსაზღვრავს პროცესების სტრატეგია. სტრატეგიის შემუშავების ამოსავალი წერტილია მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რაც პროდუქციის/მომსახურების პროექტის მაქსიმალური ხარისხით შესრულებით და საწარმოო დანახარჯების განსაზღვრული დონის შენარჩუნებით მიიღწევა. პროცესის შერჩევის გადაწყვეტილების სტრატეგიული ხასიათიდან გამომდინარე, მას გრძელვადიანი ეფექტი გააჩნია წარმოების ეფექტიანობაზე, მოქნილობაზე, პროდუქციის ხარისხზე და ზოგადად კომპანიის სტრატეგიული მიზნების შესრულებაზე. ქვემოთ განხილულია პროცესების ოთხი სტრატეგია, რომლებიც შესაძლებელია ამა თუ იმ დარგში და ბაზრის სეგმენტზე მოღვაწე კომპანიამ გამოიყენოს.
- პროცესზე ფოკუსირების სტრატეგიის შემუშავება იმ კომპანიებს სჭირდებათ, რომლებიც ბაზრის სპეციფიკურ ან მაღალ სეგმენტებზე მოღვაწეობენ. ყოველი შეკვეთა უნიკალურია, რის საფუძველზეც ასევე უნიკალური პროცესი იგეგმება. ხშირად იწარმოება ერთი ერთეული პროდუქცია ან მომსახურება, ზოგჯერ კი რამდენიმე სრულიად მსგავსი საქონლის წარმოებაც ხდება. ამ სტრატეგიის მთავარი უპირატესობა სწორედ მრავალფეროვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში და მოქნილობაში მდგომარეობს, თუმცა იდენტური პროდუქციის წარმოების მოცულობების სიმცირე ერთეულის თვითღირებულებას მკვეთრად ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ იმ საწარმოებში, რომლებიც პროცესზე ფოკუსირების სტრატეგიას შეარჩევენ, გამოიყენება საერთო დანიშნულების დანადგარები და მოწყობილობები, მათი დატვირთვის მცირე კოეფიციენტი მნიშვნელოვნად აძვირებს წარმოებას. თვითღირებულების ზრდას იწვევს ფართო კვალიფიკაციის მუშახელის გამოყენებაც, რომელთაც ხშირად სპეციფიკური პრობლემების გადაწყვეტა უწევთ, რის გამოც წარმოების პროცესი ნელა მიმდინარეობს. დიდია ნედლეულის და მაკომპლექტებლების მარაგების მოცულობები, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს თვითღირებულებაზე. სამუშაოს მრავალფეროვნების გამო, ეს სტრატეგია ყველაზე დატვირთულია ინსტრუქციებით, რადგან სტანდარტულთან ერთად უნიკალური ოპერაციებიც გამოიყენება. ამ და სხვა ზემოთ აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, პროცესზე ფოკუსირების სტრატეგიის კონტექსტში საჭიროა გეგმა-გრაფიკების, ნახაზების, ცხრილების აგებაზე ყურადღების გამახვილება, რაც, თავის მხრივ, ართულებს მის გამოყენებას. შეკვეთის შესრულებამდე შესაძლებელია დანახარჯების მხოლოდ მიახლოებითი კალკულაცია, ამიტომ ზუსტი ხარჯები ცნობილი ხდება მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ. იმ კომპანიის ოპერაციული სისტემა, რომელიც პროცესებზე ფოკუსირების სტრატეგიას შეარჩევს, შეიძლება იყოს საპროექტო ან ინდივიდუალური წარმოების ტიპის. ეს სტრატეგია აქტიურად გამოიყენება როგორც მატერიალური წარმოების, ასევე მომსახურების სფეროებში.
- განმეორებად პროცესებზე ფოკუსირების სტრატეგიის შერჩევას განაპირობებს ერთგვაროვან საქონელზე არსებული საშუალო ან მცირე ინტენსივობის მოთხოვნა, რომელსაც პერიოდული, ნაკლებად მნიშვნელოვანი ცვლილებები ახასიათებს თანამშრომლების ზომიერი კვალიფიკაცია გამოწვეულია პროცესების განმეორებადობით, რის ფონზეც იკლებს პერსონალის ტრენინგების და ინსტრუქციების ცვლილების საჭიროება. ოპერაციების რიტმულობის გამო შესაძლებელია JIT-ის გამოყენება, რაც ამცირებს მარაგებს. სისტემაში ნაკადის მოძრაობა შედარებით სწრაფია და საწარმოო ციკლი საათებით ან დღეებით იზომება. პროცესებზე ფოკუსირებულ წარმოებასთან შედარებით ახასიათებს მცირე მოქნილობა, მაგრამ მეტი ეფექტიანობა, მეტი ფიქსირებული და ნაკლები ცვალებადი დანახარჯები. განმეორებად პროცესებზე ფოკუსირების სტრატეგიის უმთავრესი მახასიათებელია მოდულური წარმოება. სხვადასხვა მაკომპლექტებლისა და ნედლეულისგან იქმნება მოდულები, რის საფუძველზეც იწარმოება შეზღუდული ასორტიმენტის სტანდარტული პროდუქცია. ხშირად ხდება მზა მოდულების გარე სტრუქტურებისგან შეძენაც. ამ სტრატეგიის შერჩევის შემდეგ კომპანიების ოპერაციული სისტემა განეკუთვნება წვრილსერიული და სერიული წარმოების ტიპს და იგი ზოგჯერ ორგანიზებულია ამკრები ხაზის საფუძველზე. წარმოების შედარებით მსხვილი მოცულობები და დანადგარების დატვირთვის მაღალი კოეფიციენტი სპეციალური, ძვირადღირებული მოწყობილობების გამოყენების საშუალებას იძლევა. განმეორებად პროცესებზე ფოკუსირების სტრატეგიის კონტექსტში დაგეგმვა ეფუძნება მოთხოვნილების ხშირ პროგნოზირებას, რის საფუძვლეზეც იგება პროცესების შესაბამისი მოდელები. ფართო გამოცდილების გამო, რაც იდენტურ განმეორებად პროცესებს ეფუძნება, შესაძლებელია დანახარჯების წარმოების დაწყებამდე განსაზღვრა. პროცესების ორგანიზების ამ სტრატეგიას ძირითადად მატერიალურ წარმოებაში იყენებენ.
- პროდუქციაზე ფოკუსირების სტრატეგიის თანახმად, წარმოება ორგანიზებულია საქონლის ამა თუ იმ სახეობის შესაბამისად ამ სტრატეგიის საფუძველზე ერთგვაროვანი ან მცირედ დიფერენცირებული პროდუქცია იწარმოება. მათ შორის არსებობს უმნიშვნელო განსხვავება, რასაც ძირითადად საბოლოო პროდუქციის შეფუთვა, ზომები და ფორმა განაპირობებს. პროცესის ორგანიზების სწორედ ეს ფორმა იძლევა ერგვაროვანი საქონლის ყველაზე დიდი მოცულობებით წარმოების შესაძლებლობას, რითაც მიიღწევა დანახარჯების მინიმუმამდე შემცირება, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველაზე ნაკლებია მოქნილობა. პროდუქციის ფოკუსირების სტრატეგიის შერჩევას განაპირობებს როგორც ბაზარზე არსებული მოთხოვნის ხასიათი, ასევე ზოგიერთი ტიპის პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიური თავისებურებები. იმ ოპერაციულ სისტემებს, რომელთა პროცესებიც აღნიშნული სტრატეგიის საფუძველზე არის ორგანიზებული, ორი ტიპის მასობრივი და უწყვეტი წარმოება ახასიათებთ. მაღალი სტანდარტიზაციის გამო, ამ სახის პროცესებში ძირითადად დასაქმებულია ვიწრო კვალიფიკაციის პერსონალი და მათი ორგანიზებისთვის საკმარისია მცირე სამუშაო განაწესი და ინსტრუქციები. წარმოების დიდი მოცულობები და დანადგარების დატვირთვის ძალიან მაღალი კოეფიციენტები სპეციალიზებული მოწყობილობების გამოყენების კარგ საშუალებას იძლევა. ამ ტიპის წარმოებებში, ფიქსირებული ხარჯების სიდიდის გამო, უარყოფით შედეგს იწვევს სიმძლავრეების არასათანადო დატვირთვა, რის გამოც დანახარჯები ერთეულ პროდუქციაზე შესაძლოა ძალიან გაიზარდოს. პროდუქციაზე ფოკუსირების სტრატეგიის პირობებში საწარმოს მცირე მრავალფეროვნების ნედლეული და მაკომპლექტებლები სჭირდება, გარდა ამისა, ნაკადი, როგორც წესი, სწრაფად და რიტმულად გადაადგილდება. ამ სტრატეგიის პირობებში შედარებით მარტივია პროცესების დაგეგმვა, რადგან ის ერთგვაროვნებით ხასიათდება და მოთხოვნის პროგნოზი იმ ბაზრებზე, რომელსაც ეს წარმოების წესი შეიძლება მიესადაგოს, მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. ყოველივე ზემოთ აღნიშნული იწვევს მარაგების შემცირებას, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის კომპანიის საქმიანობას. პროდუქციაზე ფოკუსირების სტრატეგია ძირითადად მატერიალური წარმოების პირობებში გამოიყენება, თუმცა ზოგიერთი სერვის-კომპანია ცდილობს, მისი ელემენტები საკუთარ საქმიანობაში დანერგოს და ეს უფრო კარგად დაბალი კონტაქტის სისტემებს გამოსდით.
- მასობრივი ქასთომიზაცია ყველაზე თანამედროვე სტრატეგიაა, მაგრამ რთულად დასანერგი, რადგან მისი მეშვეობით ცდილობენ პროცესზე და პროდუქციაზე ფოკუსირების სტრატეგიების დადებითი მხარეების - მოქნილობის და ეფექტიანობის გაერთიანებას ამგვარად მიიღწევა საქონლის/მომსახურების სწრაფად მცირე დანახარჯებით წარმოება და მომხმარებელთა მზარდი უნიკალური სურვილების დაკმაყოფილება. ამ სტრატეგიით აღჭურვილი კომპანია, როგორც წესი, ინდივიდუალურ შეკვეთებს ასრულებს. შესაბამისად, მისი პროდუქცია მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იმავდროულად აუცილებელია მასობრივი წარმოების იმ ელემენტების დანერგვა, რომელთა მეშვეობით შემცირდება დანახარჯები. მაგალითად, მასობრივი ქასთომიზაციის სტრატეგიის საფუძველია მოდულური წარმოება და სტანდარტული ოპერაციები, რომელთა მეშვეობითაც იქმნება მრავალფეროვანი პროდუქცია. საწარმოში დეტალები და ნაკეთობები სწრაფად მოძრაობს, შესაძლებელია JIT-ის გამოყენება და მცირეა მარაგების მოცულობები. როგორც აღვნიშნეთ, ამ სტრატეგიის მეშვეობით პროცესის პროექტირება მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რაც უპირველესად მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებაში გამოიხატება. გარდა ამისა, ინდივიდუალური შეკვეთები ბევრი სამუშაო ინსტრუქციის შესრულებას მოითხოვს. მასობრივი ქასთომიზაციის სტრატეგიის კონტექსტში პროცესის პროექტირება სამომხმარებლო მოთხოვნის ზუსტ პროგნოზირებას უნდა ეფუძნებოდეს, ხოლო რაც შეეხება ხარჯების დაგეგმვას, მაღალი ფიქსირებული და დინამიკური ცვალებადი დანახარჯები ართულებს მათ კალკულაციას. მასობრივი ქასთომიზაციის მეთოდის წარმატება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოხერხდება ცვალებადი ხარჯების შემცირება.
საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვა
- პროცესის ეფექტიანობა დამოკიდებულია საქონელსა და მომსახურებაზე არსებული მოთხოვნილებისა და მათი წარმოებისთვის საჭირო რესურსების ბალანსზე, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა საწარმოო სიმძლავრე. იგი აღნიშნავს დროის გარკვეულ მონაკვეთში კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქციის რაოდენობას. მომსახურების ობიექტების შემთხვევაში საწარმოო სიმძლავრის სინონიმად ტერმინი „სერვის-კომპანიის გამტარუნარიანობა“ გამოიყენება, რაც დროის ერთეულში მომსახურებული კლიენტების რაოდენობაზე მიუთითებს. მოკლევადიან პერიოდში ზოგჯერ შესაძლებელია მოთხოვნილების შესაბამისად საწარმოო სიმძლავრეების ცვლილება, მაგალითად, ზეგეგმური სამუშაოების ხარჯზე, მაგრამ ასეთი ქმედების მასშტაბები მცირეა მთლიან საწარმოო სიმძლავრესთან შედარებით. საწარმოო სიმძლავრეების მსხვილმასშტაბიანი ცვლილება ძირითადად გრძელვადიანი სტრატეგიული ხასიათისაა და დაკავშირებულია დიდ მატერიალურ დანახარჯებთან. საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზაციის ეფექტიანობაზე. თუ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მცდარი იქნება, მათი აღმოჩენის შემთხვევაშიც კი ორგანიზაციას შესაძლოა აღარ დარჩეს საკმარისი დრო და შესაძლებლობები მათ გამოსასწორებლად.
საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვამდე აუცილებელია კომპანიის მოღვაწეობის სფეროს და წარმოებული პროდუქციის მაქსიმალური მოცულობის განსაზღვრა. გადაწყვეტილება მოღვაწეობის სფეროს შესახებ ეფუძნება ფოკუსირების მიმართულების შერჩევას. ზოგადად კომპანია შესაძლოა ფოკუსირებული იყოს წარმოებაზე, აწყობაზე, დისტრიბუციაზე ან მომსახურების გაწევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ესა თუ ის კომპანია რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობის სახეს ითავსებს, მაინც გამოიკვეთება ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც მოღვაწეობის ძირითადი სფერო ანუ ფოკუსი ეწოდება.
საწარმოო სიმძლავრეების მოცულობის განსაზღვრა საბაზრო მოთხოვნის პროგნოზირებასა და კომპანიის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. თუ ეს უკანასკნელი არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, მაშინ საწარმოო სიმძლავრეების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაც გაჭირდება. შედარებით ადვილია საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვა მატერიალური წარმოების სფეროში, რადგან აქ შესაძლებელია მარაგების ბუფერად გამოყენება. ამ დროს შედარებით ნაკლები მოთხოვნები ჩნდება საწარმოო სიმძლავრეების მოქნილობის მხრივ. რაც შეეხება მომსახურების სფეროს, სადაც მოთხოვნილება რიგ შემთხვევებში უკიდურესად ცვალებადია და ვერც მარაგებით არის შესაძლებელი მისდამი ადაპტაცია, ფირმის გამტარუნარიანობის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია, რომ მან დროის კონკრეტულ მომენტში შესაძლოა ვერ დააკმაყოფილოს პიკური მოთხოვნილება და წარმოიქმნას რიგები. ზოგადად გრძელვადიან პერიოდში სერვისული საწარმოს სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს საბაზრო მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვექნება უსასრულო რიგებთან. სერვისულმა კომპანიამ საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვის დროს უნდა განსაზღვროს რიგის უკიდურესად დასაშვები სიგრძე, მოცდენილი დანადგარების მაქსიმალური მოცულობა და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება რიგების მართვის შესახებ. დეტალურად რიგების მართვის თეორიაზე ანუ მასობრივი მომსახურების სისტემების გამტარუნარიანობაზე ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი.
საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვის დროს, როგორც აღვნიშნეთ, გასათვალისწინებელია საბაზრო მოთხოვნისა და კომპანიის ხელთ არსებული რესურსების ბალანსი. ხშირად საბაზრო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტის წარმოება, რაც უნდა ეყრდნობოდეს კომპანიის განკარგულებაში არსებულ რესურსებს. გარდა ასორტიმენტის განსაზღვრისა, საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც. სიმძლავრე უნდა განისაზღვროს დროის კონკრეტული მონაკვეთისათვის. აღსანიშნავია, რომ სიმძლავრეების დაგეგმვის დროს გამოიყენება გრძელვადიანი (პერსპექტიული), საშუალოვადიანი და მოკლევადიანი (მიმდინარე) დაგეგმვის ცნებებიც. დაბოლოს, ცნება „სიმძლავრეების დაგეგმვა“ განსხვავებული დატვირთვის მატარებელია სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე მყოფ მენეჯერთათვის.
წარმოების დარგში ვიცე-პრეზიდენტი ჩვეულებრივ წყვეტს ფირმის ყველა საწარმოს სიმძლავრეების დაგეგმვის საკითხებს. მისი მთავარი ამოცანაა სათანადო ოდენობის საფინანსო რესურსების უზრუნველყოფა. კომპანიის ცალკეული დეპარტამენტების (ბიზნეს-ერთეულების) დირექტორები დაკავებულნი არიან მათ დაქვემდებარებაში არსებული წარმოებების სიმძლავრეების განსაზღვრით. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ამ სიმძლავრეების ყველაზე ეფექტიანად გამოყენების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ წლის განმავლობაში კონკრეტულ პერიოდში მოთხოვნა ხშირად აღემატება არსებულ სიმძლავრეებს, მათ უნდა მიიღონ მატერიალურ-სასაქონლო მარაგების შექმნის გადაწყვეტილება. დაბალი დონის ხელმძღვანელობას ევალება საკუთარ საამქროებსა თუ ქვედანაყოფებში დანადგარების და სამუშაო ძალის დატვირთვა. ისინი შეიმუშავებენ ოპერაციების დაწვრილებით კალენდარულ გრაფიკებს და აწესრიგებენ მათ ყოველდღიურ ნაკადებს. კომპანიებში, როგორც წესი, არ არსებობს თანამდებობა, რომლის უშუალო ამოცანა იქნება საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვა, ეს მრავალი სპეციალისტის პრეროგატივაა. ზოგადად საწარმოო სიმძლავრე ფარდობითი ტერმინია. მას შემდეგი განმარტებაც გააჩნია: იგი არის ხელმისაწვდომი რესურსების მოცულობა, რომელსაც საწარმო იყენებს დროის კონკრეტულ პერიოდში. ამ შემთხვევაში არ განიხილება სიმძლავრეების ეფექტიანი ან არაეფექტიანი გამოყენება და მხოლოდ კომპანიის პოტენციურ, მაქსიმალურ შესაძლებლობებზე მიუთითებს პროდუქციის წარმოების მხრივ.
სიმძლავრეების სტრატეგიული დაგეგმვის მიზანია კაპიტალური რესურსების (შენობა-ნაგებობები, დანადგარები, ერთობლივი სამუშაო ძალა) იმ მოცულობის განსაზღვრა, რომლის შემთხვევაშიც კომპანია საუკეთესოდ შეძლებს კონკურენტული სტრატეგიის წარმატებულ განხორციელებას. საწარმოო სიმძლავრეების შერჩეული დონე დიდ გავლენას ახდენს ფირმის უნარზე, რეაგირება მოახდინოს კონკურენტების ქმედებებზე, საკუთარი დანახარჯების სტრუქტურაზე, მარაგების მართვის პოლიტიკაზე, ფირმის მენეჯმენტზე და მთლიანად პერსონალზე. თუ საწარმოო (ან სერვისული) სიმძლავრეები გადაჭარბებულია, მაშინ ფირმას ბიზნესში დარჩენისთვის მოუწევს მათი ათვისება, რასაც შედეგად მოჰყვება წარმოების მოცულობების ზრდა (ხშირად ნაკლებმომგებიანი პროდუქციის წარმოებაში ჩაშვებით) და ფასების შემცირება. შესაძლებელია მან აირჩიოს დაუტვირთავი სიმძლავრეების დაკონსერვების პოლიტიკა, რაც თავისთავად უკვე კომპრომისული გადაწყვეტილებაა _ ამ შემთხვევაში მან უნდა შეამციროს კადრები და/ან შექმნას გადაჭარბებული მატერიალურ-სასაქონლო მარაგები.
საწარმოო სიმძლავრეების კონცეფციები
- საწარმოო სიმძლავრის კოეფიციენტები. ტერმინი „საწარმოო სიმძლავრე“ სხვადასხვა მნიშვნელობით შეიძლება იქნას აღქმული. მაგალითად, ყველაზე ფართო გაგებით ის მოიაზრებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში არსებულ გამომუშავების ნორმას. ამავე დროს, გამოიყენება უფრო კონკრეტული მაჩვენებლებიც. უპირველეს ყოვლისა, უნდა განვიხილთ ე.წ. საპროექტო სიმძლავრე, რომელიც ოპერაციული სისტემის მაქსიმალური, თეორიული წარმადობაა. მისი მიღწევის შემთხვევაში პროდუქციის ერთეულის საშუალო თვითღირებულება მინიმალურია. საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვის კოეფიციენტი. იგი აჩვენებს, თუ რამდენად ახლოს არის ფირმა საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების მხრივ საპროექტო მაჩვენებელთან, რომელიც გამოითვლება შესაბამისი ფორმულით.
გარდა საპროექტო სიმძლავრისა, არსებობს ე.წ. ეფექტიანი სიმძლავრის ცნებაც. ეფექტიანი სიმძლავრე არის წარმოებული პროდუქციის მოცულობა, რომლის მიღწევაც შეუძლია ფირმას არსებული ოპერაციული შეზღუდვების გათვალისწინებით. ოპერაციული შეზღუდვების მაგალითად გამოდგება მატერიალური და შრომითი რესურსების ნაკლებობა, დანადგარების ამორტიზაცია და დაზიანება, აგრეთვე წარმოების სხვა ობიექტურად წარმოშობილი პრობლემები. ეფექტიანი სიმძლავრე ჩვეულებრივ ნაკლებია საპროექტო სიმძლავრეზე. ფაქტობრივი და ეფექტიანი დატვირთვის მაჩვენებლების შეფარდებით მიიღება სიმძლავრეების ეფექტიანობის კოეფიციენტი, რომელიც გამოითვლება შესაბამისი ფორმულით.
მასშტაბის ეფექტი. საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვის დროს აუცილებელია მასშტაბის ეფექტის გათვალისწინება. როდესაც საუბარია მასშტაბის ეფექტზე, ძირითადად იგულისხმება მასშტაბის დადებითი ეფექტი - მოვლენა, რომლის დროსაც წარმოების მოცულობის ზრდა იწვევს ერთი ერთეული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას. მასშტაბის დადებით ეფექტს შეიძლება ეკონომიკური და ტექნოლოგიურ-ტექნიკური საფუძველი ჰქონდეს და ის ძალიან ხშირად გვხვდება მატერიალური წარმოების დროს. გაცილებით იშვიათი მოვლენაა მასშტაბის ნეიტრალური ეფექტი, როდესაც წარმოების მოცულობის ცვლილება არ ახდენს გავლენას პროდუქციის თვითღირებულებაზე და მასშტაბის უარყოფითი ეფექტი, როდესაც წარმოების მოცულობის ზრდა თვითღირებულების გადიდებას იწვევს. ეს უკანასკნელი იშვიათად აღინიშნება იმ მომსახურების საწარმოებში, რომლებიც საწარმოთა ქსელებს ქმნიან. მასშტაბის დადებითი ეფექტის მაქსიმალურად გამოყენებისთვის ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში დამოუკიდებლად უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება დარგის ტექნოლოგიური, ტექნიკური თუ ეკონომიკური თავისებურებების გათვალისწინებით.
მასშტაბის დადებითი ეფექტის გამოწვევის მცდელობისას საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვის დროს აუცილებელია რამდენიმე მომენტის გათვალისწინება. მაგალითად, საწარმოო სიმძლავრეების მუდმივი ზრდა არ შეიძლება მხოლოდ დადებით მოვლენად განვიხილოთ, რადგან დიდი საწარმო, ერთი მხრივ, კარგავს მოქნილობას, მეორე მხრივ კი, მისი სიმძლავრეების დასატვირთად მუდმივად აუცილებელია მოთხოვნის მაღალ დონეზე შენარჩუნება, რაც არ არის ადვილი ამოცანა და ხშირად დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, კომპანიის ზრდა შეზღუდულია სხვადასხვა გარემოებით, მაგალითად: ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობებით, რესურსების და/ან მზა პროდუქციის ტრანსპორტირების გართულებით. ამის ნათელი ნიმუშია ლითონის სადნობი ბევრი საწარმო, რომელიც კონკრეტული მადნის სიახლოვეს შენდება და არასდროს გაიზრდება აღნიშნული რესურსული ბაზის პოტენციალის შესაძლებლობაზე მეტად.
პროფესიონალიზმის დახვეწის ეფექტი. საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვის კიდევ ერთი გავრცელებული კონცეფცია ეყრდნობა პროფესიონალიზმის დახვეწის ეფექტს. ეს არის მოვლენა, რომლის მიხედვითაც საწარმო რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს ამა თუ იმ დარგში და რაც უფრო დიდი რაოდენობით უშვებს პროდუქციას, მით უფრო მეტ გამოცდილებას იძენს და ხვეწს წარმოების მეთოდებს. ამის საფუძველზე კი მის მიერ გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულება მცირდება. ყოველ ჯერზე, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაორმაგების დროს, პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება გარკვეული პროცენტით მცირდება, რაც სხვადასხვა დარგის მიხედვით ვარირებს.
პროფესიონალიზმის დახვეწისა და მასშტაბის დადებითი ეფექტი ის ფაქტორებია, რომლებიც მსხვილ წარმოებას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს პატარის მიმართ. სამაგიეროდ, პატარა საწარმოებსაც გააჩნია ერთი უპირატესობა დიდის მიმართ, რომლის მნიშვნელობა ეპოქის კონტექსტიდან გამომდინარე სულ უფრო იზრდება - ეს არის მოქნილობა. პატარა საწარმოებში უფრო ადვილია ბაზრის ცვალებადობაზე რეაგირება, რადგან შედარებით მცირე დრო სჭირდება ახალი პროდუქციის წარმოების ორგანიზებას და ბაზარზე გატანას.
სიმძლავრეების ფოკუსირება
- ფოკუსირების კონცეფციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ, უფრო ეფექტიანად მუშაობენ ის საწარმოები, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან შეზღუდული რაოდენობის კონკრეტული საწარმოო ამოცანების შესრულებაზე. სხვანაირად რომ ითქვას, არც ერთ ფირმას არ შეუძლია მიაღწიოს უმაღლეს შედეგებს წარმოების ეფექტიანობის ყველა მაჩვენებლის (პროდუქციის თვითღირებულება, მისი ხარისხი, საწარმოს მოქნილობა, ახალი პროდუქციის ათვისების სიხშირე, პროდუქციის საიმედობა, ახალი პროდუქციის შემუშავების დრო, კაპიტალდაბანდების ზომები) მიხედვით. ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ზოგიერთი ერთმანეთს ეწინააღმდეგება კიდეც, მაგალითად: პროდუქციის თვითღირებულების შემცირება გამორიცხავს მის მაღალ ფასეულობას ისევე, როგორც ახალი პროდუქციის ათვისების მაღალ სიხშირეს. ამიტომ თითოეულმა კომპანიამ უნდა შეარჩიოს იმ ამოცანების შეზღუდული რაოდენობა, რომელთა განხორციელება ყველაზე უკეთ შეესაბამება მის სტრატეგიულ მიზნებს. სიმძლავრეების ფოკუსირების კონცეფცია ხშირად ხორციელდება მექანიზმის „ქარხანა ქარხანაში“ მეშვეობით. ფოკუსირებული საწარმო ზოგჯერ რამდენიმე ამგვარ მოვლენას აერთიანებს, რომელთაგან თითოეულს გააჩნია ავტონომიური ორგანიზაციული სტრუქტურა, დანადგარები, განსხვავებული ტექნოლოგიური პროცესი, მუშახელის მართვის მისთვის დამახასიათებელი სტილი, საწარმოო კონტროლის საკუთარი მეთოდები და ა.შ.
საწარმოო სიმძლავრეების მოქნილობა
- საწარმოო სიმძლავრეების მოქნილობა მიუთითებს საწარმოს უნარზე, სწრაფად ცვალოს გამოშვებული პროდუქციის მოცულობები და/ან ერთი სახეობის პროდუქციის წარმოებიდან სწრაფად გადაერთოს სხვაზე. ეს განპირობებულია ტექნოლოგიური პროცესების, სამუშაო ძალის მოქნილობით, აგრეთვე იმგვარი სტრატეგიით, რომელიც ითვალისწინებს მოცემული კომპანიის მიერ სხვა ორგანიზაციების სიმძლავრეების გამოყენებას. საწარმოს მოქნილობის უზრუნველყოფის საბოლოო მიზანია ახალი პროდუქციის წარმოებაზე გადასვლისთვის საჭირო დროის რაც შეიძლება მინიმიზება. ეს ხორციელდება ისეთი ხერხების მეშვეობით, როგორიცაა: მობილური მოწყობილობების გამოყენება, რომელთა მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა ადგილზე გადატანა, კონფიგურაციის შეცვლა ადვილია; მომსახურების გაწევის მარშრუტების მარტივად ცვალებადობა და ა.შ. მსგავსი საწარმოების უპირატესობა ისაა, რომ ისინი ადაპტურნი არიან ბაზარზე მომხდარი ნებისმიერი ცვლილების მიმართ. მოწყობილობების და დანადგარების მოქნილობა ვერ მიიღწევა მოქნილი ტექნოლოგიური პროცესების გარეშე, რომელიც ასევე უზრუნველყოფს საწარმოო სისტემების მოქნილობას. ცხადია, მოქნილი საწარმოების და ტექნოლოგიების არსებობა გამორიცხულია მაღალკვალიფიციური, მრავალფეროვანი უნარების მქონე მუშახელის გარეშე, რომელთაც ადვილად შეუძლიათ ერთი ოპერაციის განხორციელებიდან მეორეზე გადართვა. მათი გადამზადება ფართო პროფილით უნდა მიმდინარეობდეს და ამგვარი კოლექტივის მართვისათვის შესაბამისი მენეჯმენტი და დამხმარე პერსონალია საჭირო.
საწარმოო სიმძლავრეებზე მოთხოვნის განსაზღვრა და დატვირთვის გეგმები
- კომპანიის საწარმოო სიმძლავრეების დადგენისათვის აუცილებელია ამა თუ იმ პროდუქციაზე მოთხოვნილების, კონკრეტული საწარმოს შესაძლებლობების და წარმოების ფირმის ქვედანაყოფებში განაწილების სტრუქტურის განსაზღვრა. ჩვეულებრივ, კომპანიის საწარმოო სიმძლავრეების დადგენის პროცესი სამ ეტაპად იყოფა:
1. პროგნოზირების მეთოდების გამოყენებით ამა თუ იმ პროდუქციის/მომსახურების გაყიდვების მოცულობების დადგენა;
2. პროდუქციის/მომსახურების პროგნოზირებული გაყიდვების მოცულობების წარმოებისთვის საჭირო დანადგარების და სამუშაო ძალის გამოანგარიშება;
3. გარკვეული პერიოდისთვის დანადგარების და სამუშაო ძალის დატვირთვის გეგმის შედგენა.
ამის შემდეგ ფირმები ახდენენ სარეზერვო სიმძლავრის განსაზღვრას, რომელიც წარმოადგენს სხვაობას დაგეგმილ და გამოყენებულ სიმძლავრეების მაჩვენებლებს შორის. ეს ფორსმაჟორული შემთხვევების ან მოთხოვნის სწრაფი ცვლილების დროს გამოიყენება.
საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების დროს კომპანია ხშირად დგება მისი დატვირთვის გაზრდის აუცილებლობის წინაშე. ამ შემთხვევაში მას უჩნდება რამდენიმე პრობლემა, რომელთაგან მთავარია საწარმოო სისტემების ბალანსის შენარჩუნების, საწარმოო სიმძლავრეების განახლების სიხშირის და სიმძლავრეების გარე წყაროებიდან გამოყენების საკითხები.
- საწარმოო სისტემის ბალანსის შენარჩუნება. სრულად დაბალანსებულ საწარმოში პროდუქციის მოცულობა პირველი საწარმოო სტადიის შემდეგ აბსოლუტურად შეესაბამება მეორე სტადიის რესურსულ პოტენციალს. მეორე სტადიიდან გამოსული პროდუქციის მოცულობა იდენტურია მესამე საწარმოო სტადიის წარმადობისა და ა.შ. ბოლო სტადიის ჩათვლით. მაგრამ ამგვარი შემთხვევა პრაქტიკაში არ გვხვდება, რადგან მსგავსი სრულყოფილების მიღწევა შეუძლებელია და ეკონომიკური თვალსაზრისითაც არ არის გამართლებული, რამეთუ წარმოების სხვადასხვა სტადიისთვის დამახასიათებელია წარმოების მოცულობის სხვადასხვა ოპტიმალური ოპერატიული დონეები. მაგალითად, პირველი საწარმოო უბნის ოპტიმალური დონე შესაძლოა იყოს 1000-1100 ერთეული დეტალის წარმოება, ხოლო მეორე უბნისთვის 1500-1700 დეტალის გადამუშავება, მესამე უბანი კი ეფექტიანობის ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს აღწევდეს 1900-2000 დეტალის წარმოების დროს.
არსებობს სრული დაბალანსებულობის საწინააღმდეგო სხვა არგუმენტებიც, კერძოდ ბაზარზე მოთხოვნილების მერყეობა და ტექნოლოგიური ცვლილებები, რაც თავისთავად იწვევს საწარმოო სისტემის დაუბალანსებლობას, თუ არ ჩავთვლით ავტომატიზებულ ამწყობ ხაზს, რომელიც ფაქტობრივად ერთ მთლიან დანადგარს წარმოადგენს. სისტემის დაუბალანსებლობასთან ბრძოლის რამდენიმე საშუალება არსებობს. ერთი მათგანია „ვიწრო ადგილის“ („ბოთლის ყელის“), ანუ იმ საწარმოო უბნის სიმძლავრის მომატება, რომელსაც ყველაზე ნაკლები მწარმოებლურობა გააჩნია. ამის მიღწევა შესაძლებელია დროებითი ღონისძიებებით, მაგალითად, ზეგეგმურ სამუშაოთა გრაფიკის შედგენით, დანადგარების გრძელვადიანი არენდით ან ქვემოიჯარეებთან დადებული კონტრაქტის ხარჯზე დამატებითი სიმძლავრეების მოზიდვით. კიდევ ერთი საშუალებაა ვიწრო ადგილის სტადიაზე სარეზერვო მატერიალურ-სასაქონლო მარაგების შექმნა, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის შეუფერხებელ წარმოებას. ხშირად გამოყენებული მეთოდია საწარმოო სიმძლავრეების დუბლირებაც.
- საწარმოო სიმძლავრეების განახლების სიხშირე. საწარმოო სიმძლავრის განახლების დროს მთავარია ხშირი მოდერნიზაციისთვის საჭირო დანახარჯებსა და ძალიან იშვიათი მოდერნიზაციის გამო წარმოქმნილ დანაკარგებს შორის ბალანსის მოძებნა. საწარმოო სიმძლავრეების ძალიან ხშირად ჩატარებული მოდერნიზაცია, როგორც წესი, ძვირი უჯდება კომპანიას. უპირველესად გასათვალისწინებელია ამ პროცესთან დაკავშირებული ისეთი პირდაპირი დანახარჯები, რაც საჭიროა ძველი დანადგარების შეცვლისა და მათზე მომუშავე პერსონალის გადამზადებისათვის. მნიშვნელოვანია არაპირდაპირი დანაკარგებიც, რაც ამა თუ იმ საწარმოო უბნის მოცდენით არის გამოწვეული. მიუხედავად მოდერნიზაციასთან დაკავშირებული დანახარჯებისა, საწარმოო სიმძლავრეების პერიოდული განახლება აუცილებელია სხვადასხვა მიზეზის _ ფიზიკური და მორალური ცვეთის, საბაზრო მოთხოვნის ცვლილების, ტექნოლოგიური პროგრესის და ა.შ. გამო. მისი პერიოდულობა კი დამოკიდებულია დარგის და საწარმოს კონკრეტულ პირობებზე. იშვიათი მოდერნიზაცია, თავის მხრივ, დიდ დანაკარგებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რასაც მასალების და შრომის ზედმეტი ხარჯი, მოთხოვნილებისადმი შეუსაბამო რაოდენობის პროდუქციის წარმოება, ღარიბი ან მოძველებული ასორტიმენტი იწვევს.
- საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის გარე წყაროები. ხშირად ეკონომიკურად გამართლებულია, რომ კომპანიამ საერთოდ არ გაზარდოს საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები და რომელიმე სხვა ფირმის საწარმოო სიმძლავრეები გამოიყენოს. ეს, როგორც წესი, ორი გზით ხორციელდება - სუბკონტრაქტის გაფორმებით ან საწარმოო სიმძლავრეების ერთობლივი გამოყენებით. საწარმოო სიმძლავრეების ერთობლივი გამოყენება დღეს საკმაოდაა გავრცელებული დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-ში და ხშირად იქმნება არცთუ დიდი, სრულად ავტომატიზებული საწარმო, რომელიც ამა თუ იმ კომპანიას შეუძლია იქირავოს და მისი მეშვეობით დროის რაღაც მონაკვეთში გაზარდოს საკუთარი წარმადობა.
თანამედროვე ოპერაციული ტექნოლოგიები
საწარმოო ტექნოლოგიები
- უკანასკნელ პერიოდში უამრავი ტექნოლოგიური ცვლილება განხორციელდა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. ბევრ მათგანს ლოკალური ხასიათი აქვს და აქტუალურია მხოლოდ კონკრეტული დარგისათვის. მაგრამ არის უფრო ზოგადი მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე მრავალ კომპანიაზე ახდენს გავლენას. ქვემოთ განხილულია მსგავსი ტექნოლოგიები, რომლებიც ორ დიდ კატეგორიად შეიძლება დაიყოს. ესენია: ტექნიკური უზრუნველყოფის და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები.
თანამედროვე ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ყველაზე მარტივი მაგალითია ციფრულ-პროგრამული მართვის ჩარხი, რომელიც შედგება ჩვეულებრივი ჩარხისა და კომპიუტერისაგან. ჩარხზე შესრულებული სხვადასხვა სახის ოპერაციები - ჩარხვა, ბურღვა, გაპრიალება და ა.შ. მიმდინარეობს ლოგიკური თანმიმდევრობით, რასაც მართავს კომპიუტერული ტექნიკა. ეს დანადგარები პირველად 60-იან წლებში გამოიყენეს აეროკოსმოსურ მრეწველობაში, რის შემდეგაც მათ ფართო გავრცელება ჰპოვეს. ამ ჩარხების თანამედროვე მოდელებს გააჩნია უკუკავშირის მქონე ავტომატიზებული მართვის ჩაკეტილი სისტემები, რომლებიც დამუშავების პროცესში ადგენენ ინსტრუმენტის და დეტალის მდგომარეობას, ადარებენ მათ პროგრამით გათვალისწინებულ მონაცემებთან და საჭიროების შემთხვევაში ახდენენ ჩარხის მუშაობის კორექტირებას.
- გადამამუშავებელი ცენტრი ციფრულ-პროგრამული მართვის ჩარხთან შედარებით ავტომატიზაციის უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს. ამ დანადგარზე არა მარტო სამუშაო პროცესის ავტომატიზებული მართვა ხორციელდება, არამედ ხდება ინსტრუმენტების ავტომატიზებული შერჩევა და დაყენება იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანია საჭირო ამა თუ იმ ოპერაციის შესასრულებლად. გარდა ამისა, გადამამუშავებელი ცენტრი შესაძლებელია აღიჭურვოს ზონდის ტიპის სატრანსპორტო სისტემით, რომლის მეშვეობითაც ხდება დამუშავებული დეტალების გადატვირთვა, ხოლო დაუმუშავებლის მოწოდება.
- სამრეწველო რობოტები გამოიყენება მრავალჯერ გამეორებადი ოპერაციების დროს ადამიანური შრომის ჩასანაცვლებლად და ასევე საშიში, ჯანმრთელობისთვის მავნებელი და რუტინული სამუშაოს შესასრულებლად. რობოტი ეწოდება მრავალფუნქციურ მანქანას, რომლის პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლაც სხვადასხვა ამოცანის მიხედვით არის შესაძლებელი. ყველა რობოტი აღჭურვილია ე.წ. რობოტის სამუშაო ორგანოთი, ეს შეიძლება იყოს დამჭერი, ამღები, მიმწოდებელი მოწყობილობა. თანამედროვე რობოტები აღჭურვილია ხელსაწყოებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ვიზუალურ, სენსორულ, ფიზიკურ კოორდინაციას. ამასთან, არსებობს მოდელები, რომლებიც განსაზღვრულ მოძრაობებს ახორციელებენ სამგანზომილებიან სივრცეში. ამისათვის მუშა „რობოტის სამუშაო ორგანოს“ მეშვეობით ახდენს ამა თუ იმ ოპერაციით გათვალისწინებულ მოძრაობებს, რასაც იმახსოვრებს კომპიუტერი და შემდეგ რობოტი ბრძანების შესაბამისად ზუსტად იმეორებს მათ. მიუხედავად იმისა, რომ სამრეწველო რობოტები ძვირი ღირს, მათზე გაწეული ხარჯები სწრაფად ნაზღაურდება პერსონალის შემცირებით გამოწვეული სახსრების ეკონომიით.
- მასალების მიწოდების ავტომატიზებული სისტემები გამოიყენება მატერიალური მარაგების ტრანსპორტირების, შენახვის და შევსების ეფექტიანობის ასამაღლებლად. ამის მაგალითად გამოდგება კომპიუტერიზებული ტრანსპორტიორები და მარაგების ავტომატიზებული შენახვის და შევსების სისტემები. მათ კომპიუტერები განუსაზღვრავენ, რა რაოდენობით და სად უნდა გადაიტანონ ტვირთი. მასალების მიწოდების ავტომატიზებული სისტემის სახესხვაობაა რადიომართული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია დისტანციური მართვის მოწყობილობით. მასალების მიწოდების ავტომატიზებულ სისტემებს მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია, მაგალითად, ისინი უზრუნველყოფენ ტვირთების სწრაფ გადაადგილებას, ამცირებენ სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოცულობას და შესაბამისად, სასაწყობო ფართს, პროდუქციის დაზიანების პროცენტს და მნიშვნელოვნად ზრდიან მწარმოებლურობას.
ავტომატიზაციის ზემოთ განხილული ელემენტები შეიძლება გაერთიანდეს ე.წ. საწარმოო რგოლებში და მოქნილ საწარმოო სისტემებში. საწარმოო რგოლი შესაძლოა მოიცავდეს, მაგალითად, ერთ სამრეწველო რობოტს და ერთ გადამამუშავებელ ცენტრს. რობოტი შესაძლოა ისე დაპროგრამდეს, რომ მან ავტომატურად მიაწოდოს გადამამუშავებელ ცენტრს დაუმუშავებელი დეტალი და დამუშავების შემდეგ აიღოს ის. ასეთი კომბინაცია ანაცვლებს ოპერატორის შრომას. მოქნილი საწარმოო სისტემა სრულად ავტომატიზებული საწარმოო სისტემაა, რომელიც შედგება გადამამუშავებელი ცენტრებისა და დეტალების მიწოდებისა და გადმოტვირთვის ავტომატებისაგან, ასევე მასალების მიწოდების და სხვა ავტომატიზებული სისტემებისაგან. მოქნილი საწარმოო სისტემების მთავარი უპირატესობაა ახალი პროდუქციის წარმოებაზე გადართვის უნარი. ამგვარი წარმოება ისეა ორგანიზებული, რომ მასში თითქმის სრულიად არ მონაწილეობს ადამიანი. ასეთი სისტემების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად მათში ავტომატიზებული მართვის ურთულესი სისტემები გამოიყენება.
- პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებს მიეკუთვნება ავტომატიზებული პროექტირების სისტემა, რომლის მეშვეობითაც პროდუქციის და ტექნოლოგიური პროცესის პროექტირების დროს შესაძლებელია კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება. იგი აერთიანებს რამდენიმე ავტომატიზებულ მეთოდს, რომელთა შორის ძირითადია კომპიუტერული გრაფიკა და ავტომატიზებული მოდელირება. კომპიუტერული გრაფიკა გამოიყენება პროდუქციის ვიზუალური, ხოლო ავტომატიზებული მოდელირება საინჟინრო მახასიათებლების გამოკვლევისათვის. ავტომატიზებული პროექტირების სისტემა ასევე მოიცავს საწარმოო პროცესის დაგეგმვის მეთოდებს, რომლებიც ცნობილია საერთო სახელით „წარმოების ავტომატიზებული მომზადება“. ეს მეთოდები გამოიყენება ჩარხების მართვისათვის, დეტალების გადამამუშავებელ ცენტრში და სხვა დანადგარების დასამზადებლად საჭირო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებისთვის. ზოგიერთი რთული ავტომატიზებული პროექტირების სისტემა ასევე ასრულებს დეტალების ტესტირების, დაწუნების და პროდუქციის კონსტრუქციაში კორექტივების შეტანის ოპერაციებს. ავტომატიზებული პროექტირების სისტემა პრაქტიკულად ნებისმიერი პროდუქციის შემუშავებისთვის გამოიყენება, დაწყებული კომპიუტერული ჩიპებიდან, კარტოფილის ჩიპსებით დამთავრებული.
- წარმოების დაგეგმვისა და მართვის ავტომატიზებული სისტემა არის კომპიუტერულ-საინფორმაციო სისტემა, რომელიც განკუთვნილია პროცესის დაგეგმვის, ოპერაციების გრაფიკის შედგენისა და წარმოების პროცესზე მეთვალყურეობისათვის. ეს სისტემები დაუყოვნებლივ იღებენ საამქროებიდან ინფორმაციას სამუშაოს მიმდინარეობის, მასალებით მომარაგების და ა.შ. შესახებ; წარმოების დაგეგმვისა და მართვის რთული ავტომატიზებული სისტემები ამუშავებენ შემოსულ შეკვეთებს, საამქროებში წარმართავენ პროცესებს, ახდენენ საწარმოო აღრიცხვას და განაგებენ შესყიდვებს.
- ინტეგრირებული საწარმოო სისტემა არის ზემოთ აღწერილი ავტომატიზაციის ყველა მეთოდის გაერთიანება. ის გვევლინება საწარმოო პროცესის ავტომატიზებულ ვერსიად, რომელშიც სამი ძირითადი ოპერაციული ფუნქცია (პროდუქციის და ტექნოლოგიური პროცესის პროექტირება, მართვა, დაგეგმვა და საკუთრივ საწარმოო პროცესი) ზემოთ აღწერილი ავტომატიზებული მეთოდების მეშვეობით სრულდება. გარდა ამისა, კომპიუტერული ტექნოლოგიები ჩაანაცვლებს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციების ტრადიციულ მექანიზმებს. მსგავს მაღალ-ავტომატიზებულ და ინტეგრირებულ წარმოებას აგრეთვე უწოდებენ სრულ ქარხნულ ავტომატიზაციას ან მომავლის ქარხანას.
ყველა მეთოდი, რომელიც გაერთიანებულია ინტეგრირებულ საწარმოო სისტემაში, ურთიერთდაკავშირებულია, რამეთუ ერთიანი მონაცემთა ბაზით სარგებლობენ. სრულად ინტეგრირებულ საწარმოო სისტემაში პროექტირების, ტესტირების, დამზადების, აწყობის, ხარისხის კონტროლის და მასალების მართვის ფუნქციები არა მარტო ავტომატიზებულია, არამედ დაკავშირებულიც, როგორც ერთმანეთთან, ასევე საწარმოო დაგეგმვის პროცესებთან და გრაფიკების შედგენასთან.
მომსახურების სფეროს ტექნოლოგიები
მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ოპერაციების ხარისხის ამაღლების, ღირებულების შემცირების, შესრულების სისწრაფის გაზრდის ძირითადი ელემენტია სერვისული კომპანიის უნარი, ეფექტიანად მართოს და დაამუშაოს საინფორმაციო ნაკადი. საინფორმაციო ტექნოლოგიების უსწრაფესი განვითარება ყველაზე მეტად მომსახურების სექტორზე აისახა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ინფორმაციის შექმნა, დამუშავება და გადაცემაც მომსახურების დარგებია.
- საოფისე ავტომატიზაცია მიიღწევა სხვადასხვა სახის საოფისე ტექნოლოგიის ინტეგრაციით დახვეწილ საოფისე პროცესებთან, რისი მიზანიც ოფისში მომუშავეთა მოღვაწეობის ეფექტიანობისა და მწარმოებლურობის გაზრდაა. საოფისე ავტომატიზაციას არცთუ იშვიათად აკავშირებენ ისეთ ტექნოლოგიებთან, როგორიც არის: პერსონალური კომპიუტერები, ტექსტური რედაქტორები, ელექტრონული ცხრილები, ელექტრონული და ხმოვანი ფოსტა, ფაქსიმილური მოწყობილობები და ტელეკონფერენციების მოწყობა. საოფისე ავტომატიზაციის ინსტრუმენტების დანიშნულებაა ახალი ცოდნის და ინფორმაციის შექმნა და მათი ეფექტიანად გამოყენება. ტექსტური რედაქტორები და ელექტრონული ცხრილები მხოლოდ ნაწილია იმ უამრავი სისტემისა, რომლებიც იდეების და მონაცემების იმგვარი გარდაქმნის საშუალებას იძლევა, რომ გასაგები იყოს ყოველი შემდგომი მომხმარებლისათვის. ტექსტური რედაქტორები მნიშვნელოვნად ზრდის დოკუმენტაციის დამუშავების ეფექტიანობას, რადგან ამცირებს პროექტების შექმნის, რედაქტირების, კოპირების, ბეჭდვის, შენახვის დროს და ხარჯებს. ელექტრონული ცხრილების გამოყენება მონაცემთა უზარმაზარი ბაზების სწრაფი ანალიზის, მოწესრიგებისა და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ელექტრონული ფოსტისა და ფაქსის საშუალებით სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტიანად გადაიცემა და ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა მომხმარებლებს შორის. ხმოვანი და ელექტრონული ფოსტის მიზნები ძირითადად ანალოგიურია და განკუთვნილია ინფორმაციის მიღების, გადაცემისა და შენახვისათვის. ყველა ეს ინსტრუმენტი გამოიყენება ინფორმაციის სწრაფი და მარტივი გაცვლისათვის, მაგრამ არის კიდევ ერთი ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის და გამოსახულების ინტერაქტიურ გაცვლას. მის გამო ნელ-ნელა მცირდება ჩვეულებრივი კრებები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, რაც სამივლინებო ხარჯებს მკვეთრად ამცირებს.
- გამოსახულების ამომცნობი სისტემა არის თანამედროვე ოპტიკური და ციფრული ტექნოლოგიები, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი სირთულის გამოსახულების სკანირების, შეყვანის, შენახვისა და აღდგენისთვის. ამგვარი სისტემები ფართოდაა დანერგილი ბანკებში. მაგალითად, გამოსახულების ამომცნობი სისტემის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ბანკომატების მუშაობა. უკვე საქართველოშიც არის საცალო ვაჭრობის ობიექტებში შტრიხკოდების ამომცნობი აპარატები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებს მოლარის მუშაობას და ფულად-მატერიალური ნაკადების მოძრაობას. ეს ტექნოლოგიაც გამოსახულების ამომცნობ სისტემას წარმოადგენს.
- მონაცემთა ელექტრონული გაცვლა არის პროცესი, როდესაც ერთი ფირმის საინფორმაციო სისტემის მონაცემები ელექტრონული გზით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გარდაიქმნება მეორე ფირმის საინფორმაციო სისტემის საწყის მონაცემებად. ამასთან, საჭირო არ არის ინფორმაციის შეყვანაზე პერსონალის დროის და ენერგიის დახარჯვა. მსგავსი პროცესის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ საცალო ვაჭრობის ობიექტისა და მომმარაგებელი კომპანიის მუშაობა, როდესაც მაღაზიის საწყობში დარჩენილი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია სინქრონულად მიეწოდება დისტრიბუტორებს, რის შესაბამისადაც ისინი ახდენენ მარაგების შევსებას.
- გადაწყვეტილების მიღების სისტემა ზემოთ აღწერილ ტექნოლოგიებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ის უშუალოდ გამოიყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხოლო ზოგჯერ ჩაანაცვლებს კიდეც მას. გადაწყვეტილების მიღების სისტემა შეუცვლელია ალტერნატივების იდენტიფიცირების, მათი შეფასების და ოპტიმალური ვარიანტის შერჩევის დროს. ეს სისტემები გამოიყენება აგრეთვე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და სხვა შედეგების ანალიზისათვის.
- ქსელური კომპიუტერული სისტემები. დღეს თითქმის შეუძლებელია ისეთი ორგანიზაციის მოძებნა, სადაც მხოლოდ ერთი, ყველა ფუნქციის შემსრულებელი, უნივერსალური კომპიუტერი იქნებოდა. როგორც წესი, კომპანიებში სხვადასხვა სახის და დანიშნულების მრავალი კომპიუტერია, რომლებიც ერთიან სისტემაში ანუ ქსელში არიან გაერთიანებულნი არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ სხვა სახის საოფისე ტექნიკასთანაც. ოფისში გამოთვლითი ტექნიკის მსგავს განაწილებას სხვანაირად მონაცემთა განაწილებულ დამუშავებასაც უწოდებენ. ხშირად ამ ქსელებში გამომთვლელი სიმძლავრეების _ სერვერების ან სუპერსერვერების ჩართვით მაღლდება მათი მწარმოებლურობა და ეფექტიანობა, კომპიუტერებს შორის კი ფუნქციები ოპტიმალურად გადანაწილდება. ქსელური კომპიუტერული სისტემები მათ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ელექტრონული კავშირი დაამყარონ ერთმანეთთან და ერთობლივად ისარგებლონ სხვადასხვა რესურსით, მაგალითად, პროგრამებით, მონაცემთა ბაზებით ან ტექნიკით.
ტექნოლოგიებში განხორციელებული ინვესტიციების უკუგების შეფასება
თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს. გამომდინარე აქედან, მათ შეძენამდე ფირმამ დაწვრილებით უნდა გააანალიზოს დაბანდების საფინანსო და საქმიანი სარგებელი. ინვესტიციების ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასება რთული ამოცანაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ახალი ტექნოლოგიის შეძენის მიზანი არა მარტო სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯების შემცირებაა, არამედ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, ასორტიმენტის გაფართოება, ახალი პროდუქციის შემუშავების ვადების შემცირება და საწარმოო პროცესის მოქნილობის ამაღლება. იმის გამო, რომ ამ უპირატესობების დიდი ნაწილი უშუალოდ არ იწვევს სამუშაო ძალაზე განხორციელებული დანახარჯების შემცირებას, მათი გამართლება ზოგჯერ ძალიან რთულია. გარდა ამისა, ტექნოლოგიების უსწრაფესი განვითარება განაპირობებს იმას, რომ შესყიდული დანადგარები მორალურად მალე ძველდება, რაც დამატებით ართულებს მათი უპირატესობის რაოდენობრივ შეფასებას.
წარმოების დანახარჯების შემცირება
- სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები. ჩვეულებრივ, ავტომატიზაცია სამუშაო ძალაზე გაწეულ დანახარჯებს ამცირებს, რადგან ადამიანური შრომის მანქანურით ჩანაცვლებაა შესაძლებელი. მაგალითად, როდესაც რობოტი ცვლის შემდუღებელს, ხდება მისი ხელფასისთვის განკუთვნილი სახსრების ეკონომია. ზოგიერთი თანამედროვე ჩარხი საერთოდ ადამიანური შრომის გამოყენების გარეშე მუშაობს. არ არის იშვიათი ისეთი შემთხვევებიც, როდესაც როგორც ძველი, ისევე ახალი დანადგარის ფუნქციონირებისთვის საჭიროა ერთი მუშა, მაგრამ ახალ დანადგარს უფრო დიდი მწარმოებლურობა გააჩნია და შესაბამისად, ერთ ერთეულ პროდუქციაზე დახარჯული ადამიანური შრომაც ნაკლებია. როგორც უკვე იყო აღნიშნული, არ არის აუცილებელი, ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შეამციროს, ზოგჯერ პირიქით, იზრდება კიდეც ეს მაჩვენებელი, თუმცა მას აქვს სხვა უპირატესობა. მაგალითად, ცნობილია, რომ მაღალტექნოლოგიურ აპარატზე უნდა მუშაობდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, რომლის ხელფასიც ჩვეულებრივზე მაღალი იქნება, მაგრამ ამგვარი დანადგარის გამოყენება პროდუქციის ხარისხის ამაღლებს ან წარმოებაში ახალი პროდუქციის ჩაშვებას აადვილებს.
- მასალებზე გაწეული დანახარჯები. თანამედროვე ტექნოლოგიები ხშირად წარმოებაში ალტერნატიული მასალების გამოყენების საშუალებას იძლევა, რომლებიც უფრო იაფია ან რის შედეგადაც იზრდება დროის ერთეულში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა. ამის ნათელი მაგალითია ტელეკომუნიკაციებში რამდენიმე წლის წინ მომხდარი რევოლუცია, როდესაც სპილენძის კაბელების ნაცვლად დაიწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გამოყენება, რომელთაც გაცილებით დიდი რაოდენობის ინფორმაციის გატარება შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ თვით ეს კაბელი უფრო ძვირი ღირს, იმის გამო, რომ მისი მწარმოებლურობა შეუდარებლად მაღალია, ინფორმაციის ერთეულის გადაცემა გაცილებით იაფი ჯდება.
- დანახარჯები სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე. მატერიალურ წარმოებაში დასაქმებული მრავალი კომპანიისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მთავარ განმაპირობებლად სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე გაწეული დანახარჯების შემცირება გვევლინება. მარაგების ავტომატური დამუშავების, გრაფიკების შედგენის დახვეწილი სისტემები და მოქნილი საწარმოო მოწყობილობები მნიშვნელოვნად ამცირებს მატერიალურ-სასაქონლო მარაგებზე გაწეულ დანახარჯებს. მაგრამ არ არის იშვიათი ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ფირმა შეიძენს მაღალ-მწარმოებლურ დანადგარს, მაგრამ იმის გამო, რომ მისი აწყობისა და ამუშავებისათვის დიდი დროა საჭირო, რეალურად მარაგების მომსახურებაზე დანახარჯები იზრდება.
- დანახარჯები ტრანსპორტირებაზე და გასაღებაზე. საავტომობილო და სარკინიგზო გზების ფართო ქსელის გაჩენის შემდეგ ტრანსპორტირებაზე გაწეული დანახარჯები მცირდება. საჰაერო, წყლის და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიურმა გაუმჯობესებამ კიდევ უფრო შეამცირა გადაზიდვების თვითღირებულება. პარალელურად უკანასკნელ ათწლეულებში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ზრდის ინფორმაციის გადაცემის სისწრაფეს და ამცირებს დანახარჯებს. ყველაფერმა ამან უდიდესი გავლენა მოახდინა სერვისულ სექტორზე, რომელშიც უკვე ინფორმაციის გადაადგილება დომინირებს საქონლის გადაადგილებაზე. აღნიშნული ასევე დიდ გავლენას ახდენს მატერიალურ წარმოებაზეც, მათი მეშვეობით ფირმებს შეუძლიათ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია მიმწოდებლებთან და მომხმარებლებთან, აგრეთვე პროდუქციის ყიდვის, ტრანსპორტირების და რეალიზების პროცესის გაიაფება.
- დანახარჯები ხარისხის უზრუნველყოფაზე. ტექნოლოგიური პროცესის ავტომატიზაციისათვის ახალი დანადგარების დანერგვა უზრუნველყოფს უფრო ერთგვაროვანი პროდუქციის წარმოებას და არცთუ იშვიათად განაპირობებს დეფექტების რაოდენობის შემცირებას. მას შემდეგ, რაც ბევრი ფირმა გადავიდა ოპერაციების ხელით შესრულებიდან ავტომატიზებულ პროცესებზე, მათ შეძლეს ნარჩენების, წუნის და კორექტირების აუცილებლობის 5-10-ჯერ შემცირება. გარდა ამისა, დეფექტების ხვედრი წილის შემცირების და ხარისხის კონტროლის დონის ამაღლების გამო წარმოებაში შემცირდა ოპერაციების შემდგომი კონტროლის და შესაბამისად, სპეციალისტ-კონტროლიორების საჭიროება. ამგვარი უპირატესობების რაოდენობრივი შეფასება საკმაოდ ადვილია. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ უახლესი დანადგარების გამოყენება ამცირებს დანახარჯებს საგარანტიო მომსახურებაზე.
- სხვა დანახარჯები. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა სახის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად შემცირდა დანახარჯები ტექნიკურ მომსახურებაზე, მიმდინარე რემონტზე, ენერგიაზე და ა.შ. რთული დანადგარები, განსაკუთრებით ელექტრონული, იშვიათად საჭიროებს რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას. გარდა ამისა, ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების გამოჩენამ სამშენებლო ბიზნესში მნიშვნელოვნად შეამცირა შენობის ექსპლუატაციის დროს გაწეული ენერგოდანახარჯები.
ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სხვა უპირატესობები
- პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება. 20-იან წლებში მომხმარებლები იტაცებდნენ ჰენრი ფორდის ქარხანაში შექმნილ ავტომობილებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველანი ერთნაირად შავ ფერად იყვნენ შეღებილნი. თანამედროვე ვითარებაში, უმძაფრესი კონკურენციის გამო, ასეთი რამ წარმოუდგენელია. ახალი ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ მწარმოებლებმა ბაზარს მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზონ. მაგალითად, მოქნილი საწარმოო სისტემები უზრუნველყოფენ ფართო ასორტიმენტის პროდუქციის მცირე პარტიებად წარმოებას. მოწინავე ტექნოლოგიები ხშირად სწორედ პროდუქციის ახალი სახეობების საწარმოებლად ინერგება, რაც დღეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა.
- პროდუქციის მახასიათებლების და ხარისხის გაუმჯობესება. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად ბევრმა ფირმამ გააუმჯობესა მის მიერ წარმოებული პროდუქციის მახასიათებლები და ხარისხი და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით მოახერხა მაღალი დონის შენარჩუნება.
- საწარმოო ციკლის ხანგრძლივობის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის გამოც კომპანიები ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გადაწყვეტილებას იღებენ. საწარმოო ციკლის ხანგრძლივობის შემცირება განაპირობებს შეკვეთების შესრულების ვადების შემოკლებას და ხშირად სასაქონლო-მატერიალური მარაგების შემცირების მიზეზიც ხდება. გარდა ამისა, მას მარკეტინგული უპირატესობაც გააჩნია, კერძოდ, მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება ბაზარზე მოთხოვნილების ცვლილებაზე სწრაფი რეაგირება, პროდუქციის მრავალფეროვნების ზრდა, მისი მახასიათებლების და ხარისხის გაუმჯობესება.
ახალი ტექნოლოგიების ათვისებასთან დაკავშირებული პრობლემები
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ფირმისთვის მთელ რიგ დადებით მოვლენებთან და უპირატესობებთან არის დაკავშირებული, არსებობს რამდენიმე რისკიც, რომელთა გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. ამიტომ მენეჯერმა, სანამ ამა თუ იმ ტექნოლოგიის დანერგვას გადაწყვეტს, ყველა დადებითი და უარყოფითი ფაქტორი უნდა შეაფასოს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის რისკები, რაც შესაძლებელია თან ახლდეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.
- ტექნოლოგიური რისკები. კომპანია, რომელიც სწრაფად დანერგავს ახალ ტექნოლოგიას, მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას იღებს, მაგრამ, ამასთან, ის შესაძლოა აღმოჩნდეს იმ რისკის წინაშე, რომ მის მიერ ნაყიდი დანადგარები შეუმოწმებელი და ნაკლებ ან არაეფექტიანიც გამოდგეს. ამან კი, არ არის გამორიცხული ფირმის მთელი საწარმოო პროცესის შეფერხება ან გაჩერება გამოიწვიოს. გარდა ამისა, არსებობს ტექნოლოგიების მორალური მოძველების რისკიც, ეს განსაკუთრებით ეხება იმ ტექნოლოგიებს, რომელთა გაუმჯობესება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.
- საწარმოო რისკები. კომპანიის მიერ საკუთარ საწარმოო პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ, მინიმუმ, შეიძლება ჩვეული საწარმოო რიტმის მოშლაც გამოიწვიოს. ამასთან, ამ პროცესს უკავშირდება კადრების გადამზადება, შენობის ფართის ან კონფიგურაციის შეცვლა და ა.შ. გარდა ამისა, სიახლემ შესაძლოა ახალი რესურსების მიმართ მოთხოვნაც წარმოშვას, რაც მყისიერად გადასაჭრელი პრობლემაა.
- ორგანიზაციული რისკები. სავსებით შესაძლებელია, რომ კომპანია, რომელმაც ახალი ტექნოლოგიები დანერგა, არ ფლობდეს ადაპტურ ორგანიზაციულ კულტურას და არც უმაღლეს მენეჯმენტს აღმოაჩნდეს ცვლილებებთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემსუბუქების უნარი. ასეთ კომპანიებში არის საფრთხე, რომ ის მუშები და მენეჯერები, რომლებიც შეშინდნენ ცვლილებების გამო, სწრაფად იტყვიან უარს სიახლეზე ან წინააღმდეგობას გაუწევენ მის დანერგვას.
- გარემოსთან და ბაზართან დაკავშირებული რისკები. არ არის იშვიათი ისეთი შემთხვევები, როდესაც ფირმა ახდენს სახსრების ინვესტირებას ახალ ტექნოლოგიებში და რამდენიმე წლის შემდეგ ირკვევა, რომ ბაზართან ან გარემოსთან დაკავშირებული ამა თუ იმ ფაქტორის ცვლილების გამო ეს ინვესტიციები უსარგებლო ან წამგებიანია. გარემოსთან დაკავშირებული რისკები ძირითადად ეხება ეკოლოგიურ კანონმდებლობას, ხოლო ბაზართან დაკავშირებული რისკების ყველაზე კარგი მაგალითებია სავალუტო კურსის ან მომხმარებელთა მოთხოვნილებების სწრაფი ცვლილება.